„პირადად ზურაბიშვილისგან კორუფციას გამოვრიცხავ, მას, სავარაუდოდ, დოკუმენტზე ხელი მოაწერინეს“ – ნანა კაკაბაძე

კითხვაზე – იყო თუ არა ფული ერთ-ერთი ფაქტორი პატიმართა შეწყალების საქმეში, პასუხის გასაცემად პროკურატურა აქტიურად მუშაობს, თუმცა, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ფინანსური დაინტერესება გამორიცხულია, ხოლო მის გარშემომყოფებისგან – არა.

„პირადად სალომე ზურაბიშვილისგან კორუფციას გამოვრიცხავ. წარმოუდგენელია, რომ ის იყო ჩართული კორუფციაში და ამის შემდეგ მიიღო ეს აუხსნელი და უსამართლო გადაწყვეტილება, მაგრამ, ვიტოვებ უფლებას და ეჭვს იმისა, რომ მასთან მუშაობენ ისეთი ადამიანები ყოფილი ხელისუფლებიდან, რომლებმაც მიზანმიმართულად გააკეთეს ის რაც გააკეთეს. თან მაშინ, როდესაც პრეზიდენტი არ იმყოფებოდა საქართველოში და მას არ ჰქონდა საშუალება ეს საქმეები შეესწავლა. ამ პერიოდში, მათ მოამზადეს დოკუმენტი, რომელზეც პრეზიდენტს ხელი მოაწერინეს. თუმცა, ეს პრეზიდენტს პასუხისმგებლობიდან არ ათავისუფლებს“, – განუცხადა ნანა კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე შეფასებით, კორუფცია არის ეს თუ მიზანმიმართული ქმედება, დანაშაული ჩადენილია საქართველოსა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღდეგ, რადგან მას ხელი ისეთ აქტზე მოაწერინეს, რომელზეც არ უნდა მოეწერა.

მსგავსი თემები