“ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ეს საქმე ასე არ დამთავრდება” – დიმიტრი გაბუნია სკანდალურ შეწყალებაზე

მთავარ პროკურატურაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას გამოკითხვა დასრულდა. ის პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირების საქმეზე დაიბარეს.

როგორც დიმიტრი გაბუნიამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მას გაუთქმელობის ხელწერილიდან გამომდინარე დეტალებზე საუბრის უფლება არ აქვს, მაგრამ ამბობს, რომ გამოძიებას მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, პროკურატურას „200 პროცენტით ენდობა“.

“ვენდობი სრულად გამოძიებას. გამოკითხვის მერეც დამრჩა განცდა, რომ გამოძიება არის დაინტერესებული, გამოავლინოს შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები და 200 პროცენტით ვენდობით საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გამოძიებას. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დეტალურად უმოკლეს ვადებში დადებს დასკვნას და თუ შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები გამოიკვეთნენ, ისინი უმკაცრესად უნდა დაისაჯონ, კანონის სრული სიმკაცრით. უნდა დაიკითხოს აბსოლუტურად ყველა“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, მას შემდეგ რაც დასრულდება მიმდინარე გამოძიება, იმ პირების მიმართ, ვინც მისი სახელი შეწყალების საქმეს დაუკავშირა სარჩელს შეიტანს. ერთ-ერთი, ვის სახელზეც დიმიტრი გაბუნია სარჩელის შეტანას აპირებს, „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილია

„პირადად მე შევიტან განცხადებას პროკურატურაში და პირადად მე შევიტან სარჩელს სასამართლოში. ეს თემა ასე არ დამთავრდება. ჩემთვის ეს თემა არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, როდესაც ჩემი ოჯახი არის ამ დღეში, როდესაც მე შემეხო ეს საკითხები. მე არ ვიცი ჯერ ვინ დაგეგმა, ვის სჭირდებოდა ჩემი სახელის და გვარის გარევა, როდესაც გამჭვირვალედ, სტრუქტურულად ყველაფერი ნათელი იყო“


მსგავსი თემები