შახტში ჩასული 15 მეშახტე ამოსვლაზე უარს ამბობს

ტყიბულში, მინდელის და ძიძიგურის 15-მდე მაღაროელი შახტაში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს. მაღაროელები აცხადებენ, რომ სანამ, მიმდინარე ხელფასების გაცემა და მათი სრული ინფორმირება ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით არ მოხდება, შახტიდან არ ამოვლენ. 

პროფკავშირების ინფორმაციით, მაღაროელების შრომითი ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მომხდარიყო, თუმცა კომპანიამ ისინი თანხის გარეშე დატოვა და ვერც ახლა ამბობენ, როდის მოხდება ხელფასების გაცემა.

მათივე ცნობით, მეშახტეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას შეასრულონ საბანკო და კომუნალური ვალდებულებები, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.

“მათ ყოველდღიურად ეკისრებათ საბანკო ჯარიმები სესხის პროცენტის გადახდის ვადაგადაცილების გამო და იზრდება იმის შანსი, რომ მათ, როგორც აბონენტებს, შეუწყდეთ ბუნებრივი აირისა და ელ-ენერგიის მიწოდება,”- აცხადებენ პროფკავშირებში. 

„საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს ბანკს, ,,ენერგო პრო ჯორჯიას” და ,,სოკარ გაზს”, რომ გაითვალისწინონ შექმნილი მდგომარეობა და კიდევ უფრო არ დაამძიმონ ტყიბულელთა სოციალური მდგომარეობა.

ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ სასწრაფოდ მოხდეს თანხების აკუმულირება მაღაროელთა შრომის ანაზღაურების გასაცემად და ასევე მოხდეს მათი ინფორმირება, თუ რა გეგმა გააჩნია მთავრობას და კომპანიას ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები