“თქვენც ერთ-ერთი „ცუდი” იყავით და „კარგი” გახდებით?” – კობერიძე ალანიას

“თავის დროზე „ქართული ოცნების” მხრიდან იყო გაცემული დაპირება, რომ კლანისგან და იმ რეჟიმისგან უნდა გაწმენდილიყო სასამართლო სისტემა. შემდეგ მოხდა ტრანსფორმაცია და შემოვიდა აზრი, რომ ისინი კი იყვნენ „ცუდები”, მაგრამ ახლა ხდებიან ან გახდებიან „კარგები”. თქვენც ერთ-ერთი „ცუდი” იყავით და „კარგი” გახდებით?”, – ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ უზენაესი სასამართლოს კანდიდატს, თამარ ალანიას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

კობერიძის განცხადებით, მთავარია სასამართლოს ჰქონდეს ნდობა, თუმცა ახლა მიმდინარე პროცესები და სასამართლოს მიერ გადადგმული ნაბიჯი აზიანებს სასამართლოს რეპუტაციას.

“მოსამართლეების იმ ათკაციანმა სიამ ქვეყანაში კინაღამ პოლიტიკური დესტაბილიზაცია გამოიწვია, შეარყია და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ისედაც დაზიანებული სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა, ფაქტობრივად, შექმნა სასამართლო სისტემის რეპუტაციის შელახვის საშიშროება. თქვენ როდესაც ამ სიაში ჩაეწერეთ აცნობიერებდით ამ რისკებს? მმართველმა გუნდმა სერიოზული რყევები მიიღო ამის გამო და საზოგადოებაში წამოვიდა განცდა, რომ ადეიშვილის სასამართლოს ახმოვანებებენ. თქვენ ამ დროს ეს პასუხისმგებლობა გათავისებული გქონდათ?

ქვეყნის კონკურენტუნარიანობის რეიტინგი არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რეიტინგი და იგი განსაზღვრავს ქვეყანას რამდენად აქვს ეკონომიკური ზრდისა და განვითარების უნარი. იქ ყველაზე მთავარი მახასიათებელი არის სასამართლოს ნდობა და რეპუტაცია, რეალურად გვაქვს პროცესი, რომელიც ასახავს რომ სასამართლოს მიერ გადადგმული ნაბიჯი აზიანებს სასამართლოს რეპუტაციას. გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ სწორედ იმ პროცესის მონაწილე ხართ, რომელიც აზიანებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას?

ქალბატონო თამარ, უკაცრავად, მაგრამ მე არ მჯერა რომ თქვენ “ცუდი” იყავით და ახლა “კარგი” გახდებით, თუკი პარლამენტს მართლა უნდა პასუხისმგებლობის აღება სამართლიან სასამართლოზე და პოლიტიკურ სტაბილურობაზე ქვეყანაში, მე ყველა ჩემს კოლეგას მოვუწოდებ, ეს პროცესი დასრულდეს ყველა კანდიდატის ჩაგდებით, რადგან ის რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც კეთილსინდისიერი და კვალიფიცირებული მოსამართლეა, არის მონაწილენი იმ ცუდი პროცესისა, რომელიც დასრულების შემდეგ, ჩააბეტონებს სააკაშვილი-ადეიშვილის სასამართლოს და ეს კლანი იქნება უკვე ხალხის მიერ არჩეული პარლამენტისაგან ხელდასმული!!”, – განაცხადა კობერიძემ.

მსგავსი თემები