პრეზიდენტმა, მსოფლიო ჩემპიონატზე ზურა დათუნაშვილი დაბლოკა – დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესა და მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის დაპირისპირება, რომელზეც სს საქმე აღიძრა, ისევ გრძელდება. მართალია, ამჯერად პრეზიდენტი მოჭიდავეს ფიზიკურად არ შეხებია თუმცა, მის კარიერულ სვლის საწინააღმდეგოდ სერიოზული ფარი გამოდგა და მსოფლიო ჩემპიონატზე კი დაბლოკა.

„ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში, დღეს დასრულდა ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი. საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებებს, განსაკუთრებით კი თითოეულ ჩემპიონსა და მედალოსანს ვულოცავ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას. ბიჭებს, ვინც უკვე შეძლეს ოლიმპიური ლიცენზიის აღება ვულოცავ, ხოლო დანარჩენებს ვუსურვებ მომავალში წარმატებას“ – აცხადებს ზურა დათუნაშვილი.

სწორედ აღნიშნულ ჩემპიონატში, დათუნაშვილსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა, ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მან უარი მიიღო.

„მოგეხსენებათ, წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს ოლიმპიური ლიცენზიების გათამაშების გამო განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა და მეც მთელი წლის განმავლობაში, მიუხედავად პრობლემებისა, განსაკუთრებით ვემზადებოდი. მაისის თვიდან მზადებას გავდიოდი სერბეთის ნაკრებთან ერთად და სერბული მხარისგან იყო სურვილი და სრული მზაობა მათი ქვეყნის სახელით მეასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმაც წერილობითი თანხმობა მისცა სერბულ მხარეს ჩემი სერბეთის სახელით ასპარეზობაზე, თუმცა აღნიშნული მაინც ვერ მოხერხდა, რადგან ქართული მხარისგან მაინც მოხდა ხელის შეშლა, კერძოდ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს მოეცა ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.

ჩემთვის სამწუხაროა, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პირადი ინტერესების გამო ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მომიწია, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ სპორტულ კარიერას გავაგრძელებ და ჩემი მიზნების ასრულებისთვის ბრძოლის საშუალება კვლავ მომეცემა. მადლობა ყველას, ვინც ამ ხნის განმავლობაში მგულშემატკივრობდით და ინტერესდებოდით ჩემი მომავლით“ – აცხადებს ზურა დათუნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სპორტის სასახლეში, 11 იანვარს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ევროპის ჩემპიონ  ზურაბ დათუნაშვილს  საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. მომხდართან დაკავშირებით სს საქმე 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით აღიძრა და გეგეშიძე დააკავეს, თუმცა, პრეზიდენტი 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და პრეზიდენტის სავარძელიც შეუნარჩუნეს.



მსგავსი თემები