ფარულ ფოტოესესიებზე ბავშვები მშობლებს მიჰყავდათ – არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმის ახალი დეტალები

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, როგორც ირკვევა, ბავშვები, ძირითადად, მშობლებს მიჰყავდათ ფარულ ფოტოსესიებზე და შემდგომ ფოტოებს საზღვარგარეთ ყიდდნენ.

“ჩემზეც დაიწყო ტანსაცმლის გარეშე გადაღებები. დედა მაფრთხილებდა იმის შესახებ, თუ როგორ მიღებდნენ, არავისთვის მეთქვა. თითქმის ყველა გორიდან იყო და ყველას ვიცნობდი. ჩემი მეგობრები იყვნენ. დედა ხანდახან არ ესწრებოდა გადაღებას. მამა არასდროს ყოფილა ჩემს ფოტოსესიაზე”, – ყვება ერთ-ერთი არასრულწლოვანი.

ფარულ ფოტოესესიებზე ბავშვები ძირითადად მშობლებს რომ მიყავდათ, საქმეში არსებულ ვიდეოკადრებშიც ჩანს. ერთ-ერთი დაკავებულის მაზლი ამბობს, რომ ფოტოს გადასაღებად დედას მისი ძმისშვილი, 14 წლის გოგონა თბილისში თვეში რამდენჯერმე მიჰყავდა. მოჰქონდათ თუ არა მშობელს შვილის პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებისთვის აღებული ჰონორარი სახლში, დაკავებულის ოჯახის წევრებმა არ იციან.

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულების უმრავლესობა ერთი სოფლის მკვიდრია. ნაწილი უკვე წლებია დედაქალაქში ან სხვა რეგიონში ცხოვრობს. გამოძიების ცნობით, არასრულწლოვნებს პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებს აშშ-ს მოქალაქე 60 წლამდე მამაკაცი უღებდა. მას სოფელში კარგად იცნობენ, რადგან აქ 10 წლის წინ, პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ჩამოვიდა და სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა. ბრალდებული მისივე კოლეგის სახლში ცხოვრობდა, თუმცა მასპინძელი ამბობს, რომ მის ქცევებში უცნაური არაფერი შეუნიშნავს. 

ბრალდებულმა, რომელიც გამოძიების ვარაუდით, დანაშაულებრივი სქემის მთავარი რგოლია, საქართველოში, ერთ კონკრეტულ სოფელში 9 თვე იცხოვრა. ფოტოგრაფიით მის გატაცებას ყველა ამჩნევდა. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ფოტოებს უღებდა, შემდეგ ბეჭდავდა და მათ ჩუქნიდა. ამ პერიოდში ფოტოსტუდიის გახსნაზეც საუბრობდა. შემდეგ საზღვარგარეთ წავიდა და როგორც პედაგოგები ამბობენ, სკოლაში ხელახლა 2 წლის წინ, გამოსაშვებ საღამოზე გამოჩნდა – ისევ ფოტოკამერით. როგორც ჩანს, ყოფილ მოსწავლეებთან კავშირი არ გაუწყვიტავს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაარკვია, ინგლისურის ყოფილ პედაგოგს, ფოტოსტუდია თბილისის ერთ-ერთ უბანში მოწყობილი ნამდვილად ჰქონდა. 

ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, უფლებადამცველები დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ. 

11 დაკავებულიდან ერთი ავსტრალიის მოქალაქეა. სავარაუდოდ, სწორედ ავსტრალიისა და ამერიკის მოქალაქეების ორგანიზებით უღებდნენ და აგზავნიდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებსა და ვიდეოებს. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე ამბობს, რომ ორგანიზებული დანაშაულის აქტიური მონაწილე რამდენიმე მშობელიც იყო და თავად აძლევდნენ ბავშვებს მითითებებს, რა სახის ფოტოები უნდა გადაეღოთ.

ბრალდების მხარის მტკიცებით, არასრულწლოვნებს პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებისთვის მშობლებს 1000-დან 3000 ლარამდე უხდიდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი 8 წლის გოგონას შიშველი ფოტოები იყო. 

დაკავებული მშობლები და ახლობლები ბრალს არ აღიარებენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 11-ვე ბრალდებულს პატიმრობა უკვე შეუფარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. გამოძიებას ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები აქტიურად აწარმოებენ. სასამართლო სხდომები ნოემბერში დაიწყება. 

მსგავსი თემები