„კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვახასიათებდა“ – ვოლსკი

„კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვახასიათებდა“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.

„მინდა მივმართო აფხაზებსაც და ოსებსაც, ვინც რჩებიან საოკუპაციო ხაზს იქით – ჩვენ არანაკლებ განვიცდით თქვენს მდგომარეობას, ვიდრე იმ ადამიანებისას, რომლებიც საოკუპაციო ხაზს აქეთ დარჩა. მიუხედავად იმ მწვავე დაპირისპირებისა, რაც ომის პერიოდში მოხდა, მიუხედავად იმ სისხლისღვრისა, ჩვენ ვიცით რას წარმოადგენს კავკასიური სოლიდარობა, ტრადიცია“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ვოლსკის თქმით, მისასალმებელია სავალან მირზოევის მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება და მათი ჩართვა სახელმწიფოს მართვის სტრუქტურებში.

„ენობრივი ბარიერის გარდა, კიდევ ბევრი პრობლემა არსებობს, თუნდაც განათლების ხარისხი. ამაზე ზრუნვა უნდა იწყებოდეს საბავშვო ბაღებიდან და სახელმწიფო მინისტრის სტატუსი, მისი აპარატი, მისი მდგომარეობა აძლევს მას საშუალებას, ამ მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად, ნებისმიერი სახელმწიფო უწყების კოორდინაცია მოახდინოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები