“არაერთხელ მითქვამს აფხაზებისთვის, რომ ის, რაც გალის რაიონში ხდება, მათ ხელს არ აძლევს” – ქეთევან ციხელაშვილი

“არაერთხელ მითქვამს აფხაზებისთვის, რომ ის, რაც გალის რაიონში ხდება, მათ ხელს არ აძლევს, რადგან ქართული ენის ამოძირკვით ვერ მოხდება მათი იდენტობის ამოძირკვა”, – ამის შესახებ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სკოლებში ქართული ენის, რუსულით ჩანაცვლების პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში დღის წესრიგში მუდმივად დგას.

“ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღება ერთ-ერთი მთავარი თემაა. მე პირადად, 14 რაუნდი მაქვს ჩატარებული ჰუმანიტარული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში და არაერთხელ მითქვამს აფხაზებისთვის, რომ ის, რაც გალის რაიონში ხდება, მათ ხელს არ აძლევს, რადგან ქართული ენის ამოძირკვით ვერ მოხდება მათი იდენტობის ამოძირკვა. ამასთან ძალიან დიდი საფრთხეა აფხაზურ სკოლებთან, აფხაზურ ენასთან მიმართებაში და ამ ძალისხმევის მიმართვა ჯობდა იქითკენ, რომ აფხაზური ენა ყოფილიყო მეტად დაცული. გარკვეული პროექტები ხორციელდება ამ მიმართულებით UNICEF-ის ეგიდით. ამასთან ევროსაბჭოშიც განიხილება ეს საკითხი”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სკოლებში ქართულის რუსული ენით ჩანაცვლება რუსიფიკაციას ემსახურება.

“აფხაზეთში, გალის რაიონში, კონფლიქტამდე იყო 58 საშუალო სკოლა, საიდანაც 54 იყო ქართული. წლების განმავლობაში ბევრი სკოლა გაუქმდა და დარჩა 30. ქართულად სწავლების პროცესი 2014 წელს შეჩერდა, როდესაც თანდათან დაიწყეს ქართული ენის რუსული ენით ჩანაცვლება. ახალგორშიც იგივენაირად ხდება, ეს სინქრონიზებული პროცესებია, რომელიც რუსიფიკაციას ემსახურება”, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.

მსგავსი თემები