„თარაშ მუკბანიანს იარაღის ტარების უფლება 2-ჯერ ჰქონდა შეზღუდული“ – შეწყალებული რამაზ დევაძის ადვოკატი

ხმაურიანი შეწყალებების საქმესთან დაკავშირებით, გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა, ერთ-ერთი შეწყალებულის, რამაზ დევაძის ადვოკატი აცხადებს, რომ შეწყალებულ რამაზ დევაძეს თარაშ მუკბანიანი განზრახ არ მოუკლავს. მისივე შეფასებით, დევაძე მომხდარს ძალიან განიცდის და მისი მცირეწლოვანი შვილებისთვის მაქსიმალურს შეეცდება.

შეწყალებული რამაზ დევაძის საქმეზე ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარს“ ესაუბრა და ვიდეოკადრებში აღბეჭდილი საქმის ქრონოლოგიაც მოუყვა.

თეონა ქორიძე: „ეს უბედური შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ კლუბში 2014 წელს მოხდა. ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც საქმეში დევს,  წერია, რომ  კლუბში მყოფი თარაშ მუკბანიანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და დაახლოებით, ერთი ლიტრი არაყი ჰქონდა მიღებული. მას, მსგავსი შემთხვევის, იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის იარაღი ორჯერ ჰქონდა შეზღუდული. მესამე შემთხვევისას კი ეს მძიმე ფაქტი მოხდა“ – აცხადებს ადვოკატი.

რაც შეეხება ამბავს, ის კლუბში მოხდა, სადაც პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა.

„როგორც ვიდეოკადრებში ჩანს, კლუბში,  თარაშ მუკბანიანი იმყოფებოდა გოგონასთან ერთად,  რომელთანაც ცეკვავდა და ეხვეოდა. ცეკვის დროს, ამ გოგონას, გავლისას, უცხო მამაკაცი ოდნავ შეეხო, რაზეც ქალბატონს რეაქცია ჰქონდა და მუკბანიანს  ყურში ჩასჩურჩულა. ამის შემდეგ, ის,  ხელებგადახვეული გოგონა და მუკბანიანი მიდიან ამ მამაკაცის მიმართულებით და მუკბანიანი  მას იარაღს შუბლზე ადებს. დაიწყო ჩოჩქოლი და გაწევ-გამოწევა. მუკბანიანმა რამდენჯერმე ისროლა, დაიჭრა 4 ადამიანი და ერთ-ერთს თითი მოძვრა. ამ დროს, როგორც გამშველებელი, ერთვება რამაზ დევაძე, რომელიც ცდილობს მუკბანიანის გაყვანას. კადრებში ჩანს, როგორ გარბის ხალხი. დევაძემ, რომელიც იყო მოჭიდავე, მოახერხა, მისი დარბაზის მეორე სართულიდან პირველ სართულზე ჩაყვანა და იარაღის წართმევა, რადგანაც იარაღი გადატენილი იყო და მუკბანიანს რამდენჯერმე ჰქონდა ნასროლი, მოხდა გავარდნა და მოხვდა პოლიციელს. ეს არის ამ მძიმე საქმის ქრონოლოგია, რომელიც ვიდეოკადრებში ჩანს. ეს არ ყოფილა განზრახ მკვლელობა“ – განუცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“ და ვიდეოკამერით გადაღებული მასალაც წარუდგინა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ​მომხდარი ფაქტი, რამაზ დევაძისთვის  ძალიან მძიმეა. ის ინანიებს დანაშაულს, რომლის დადგომაც მას არ სურდა და განზრახ არ ჩაუდენია.

„მისთვის ძალიან რთულია ეს ყველაფერი. განიცდის ამ ყველაფერს. საზოგადოების დამოკიდებულება, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიების, რომლებიც შეწყალების თემას იყენებენ საკუთარი პოლიტიკური ბერკეტების გასამაგრებლად, რთულია მისთვის. მას  მისი განსაცდელიც ეყოფა. რამაზი ყველაფერს გააკეთეს მუკბანიანის შვილებისთვის, რომ ისინი იყვნენ უზრუნველყოფილნი. ეს განსაცდელი მას მთელი ცხოვრება ექნება.  

შეგახსენებთ, რომ რამაზ დევაძე არის მოჭიდავე და არაერთი ტიტულის მფლობელი.

მსგავსი თემები