„ეს იყო უბედური შემთხვევა და ადრეც უნდა შეეწყალებინათ“ – რამაზ დევაძის ადვოკატი

„უბედური შემთხვევა, რომელიც საზოგადოებამ და საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმა კრიმინალად შერაცხეს. ვინც კადრები, ვიდეომასალა ნახა, ყველა დარწმუნდა, რომ ეს არ ყოფილა განზრახ მკვლელობა. ეს იყო უბედური შემთხვევა, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და კარგად ჩანს, როგორ ართმევს რამაზ დევაძე თარაშ მუკბანიანს იარაღს, რომელიც კლუბში უმისამართოდ ისროდა“ – აღნიშნული განცხადება თარაშ მუკბანიანის მკვლელობის საქმისთვის შეწყალებული მოჭიდავის, რამაზ დევაძის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც ადვოკატმა თეონა ქორიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, რამაზ დევაძეს 2 ბრალი ჰქონდა წარდგენილი, თუმცა, სასამართლომ ერთი მოუხსნა.

„პროკურატურამ, რამაზ დევაძეს 2 ბრალი წარუდგინა. ერთი – განზრახ მკვლელობა, მეორე – ხულიგნობა. სასამართლომ ბრალდებული ხულიგნობის ნაწილში გაამართლა, რადგან, ვიდეოკამერებით კარგად ჩანს, რომ რამაზ დევაძეს არანაირი პირადი ინტერესი არც არანაირი აგრესია გამოუხატავს იქ მყოფი საზოგადოების მიმართ და არც მუკბანიანის მიმართ. პირიქით, მან მუკბანიანისთვის იარაღის წართმევით სხვების სიცოცხლეც გადაარჩინა, რადგანაც მუკბანიანმა კლუბში არაერთი სროლა განახორციელა და 4 ადამიანი დაიჭრა, ერთ ერთს კი თითოც მოგლიჯა, რომელიც ვიდეოკადრებიდანაც კარგად ჩანს“ – აცხადებს ადვოკატი.

თეონა ქორიძის ინფორმაციით, თავიდანვე არასწორი და ნეგატიური ინფორმაცია გავრცელდა მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირზე, რამაც სასამართლოზეც იმოქმედა.

„როდესაც რამაზ დევაძე დააპატიმრეს, ეს შემთხვევა არ იქნა განხილული როგორც ჩვეულებრივი უბედური შემთხვევა. ეს იყო განხილული როგორც კრიმინალური სამყროს წევრის მიერ ჩადენილი დანაშაული. მის სახელს უკავშირებდნენ ქურდული სამყაროს მინდია ლავასოღლის მეგობრობას . რა თქმა უნდა, ის მეგობრობდა მინდია ლავასოღლისთან და ერთად ჭიდაობდნენ, თუმცა, რამაზის მისი ცხოვრება აქვს და მას – მისი. თავიდანვე შექმნეს ისეთი გარემო რამაზ დევაძის ირგვლივ, რომ მისთვის სცადეს რეპუტაცია შეელახათ. ამან რათქმაუნდა იმოქმედა სასამართლოზე და იმიტომაც მიიღეს ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“ ვიდეოკადრებიც წარუდგინა, რომელიც 2014 წელს მომხდარ უბედურ შემთხვევას ასახავს.

შეგახსენებთ, რამაზ დევაძე, საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს შეიწყალა. რამაზ დევაძე არის მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში; მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი ჭაბუკებში; ევროპის პრიზიორი ჭაბუკებში და მოგებული აქვს არაერთი საერთაშორისო ტურნირი.

მსგავსი თემები