პორნოგრაფია ფულის სანაცვლოდ – მსხვერპლი ბავშვები მშობლებს დააშორეს და მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ

8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა „ტრეფიკიორებისა“ და პორნო ბიზნესში ჩართულთა მსხვერპლი გახდა. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ მსხვერპლი გოგონების მშობლები და ნათესავები ამ საქმისგან ფულს იღებდნენ. ისინი, საკუთარ შვილებზე ფულს აკეთებდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიაში ჩართვისთვის 11 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან როგორც ქართველი ბავშვების მშობლები, ისე უცხოელები, რომლებიც პორნოგრაფიულ პროდუქტს საზღვრებს გარეთ ყიდდნენ.  

შსს-ში ადასტურებენ, რომ არასრულწლოვანი გოგონების, მშობლები თანახმა იყვნენ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მათ შვილებს პორნოგრაფიაში მიეღოთ მონაწილება.

„ბრალდებულებს, დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ს მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა“ – აცხადებენ შსს-ში.

პოლიციამ,  ნივთმტკიცებად ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები, სექსუალური ტანსაცმელები, აქსესუარები  და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღო. დაზარალებულ ბავშვებთან კი  ფსიქოლოგები მუშაობენ.

„პროცესში ჩავრთეთ სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები. ეს ხალხი დღესაც აგრძელებს ამ ბავშვებთან მუშაობას. ბავშვების ნაწილი  მშობლებისგან და იმ სახიფათო წრიდან დისტანცირებულია, სადაც ისინი შეიძლება გარკვეული საფრთხის წინაშე ყოფილიყვნენ. მუშაობა გრძელდება, რათა ბავშვების უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული“, – აცხადებს შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე.

დაკავებულებს 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

https://mcm.ge/%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%a0/

მსგავსი თემები