„ერთის“ დასამარცხებლად, შესაძლოა, კოალიცია მიუღებელ პოლიტიკურ ძალასთანაც შეიქმნას

„ყველა ერთის დასამარცხებლად და სახლში გასაშვებად“ – ამ მიზნით, 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ კულუარებში სხვადასხვა დაჯგუფება განიხილება. მმართველი გუნდის სახლში გასაშვებად, კოალიცია ისეთ პოლიტიკურ სუბიექტებთანაც არ გამოირიცხება, რომელიც, შესაძლოა, ერთმანეთისთვის მიუღებლები იყვნენ.

„ვისთანაც კოალიციას შევქმნით, შესაძლოა, პიროვნულად და იდეოლოგიურად ჩვენთვის მისაღები არც იყოს, თუმცა, იმისათვის, რომ დავძლიოთ და დავამარცხოთ ის, ვინც მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის, შესაძლოა, საჭირო გახდეს ასეთ პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანება,“ – განცხადება ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავართან“ გააკეთა.

გიორგი ლომია აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოსთან“ კოალიციას არ შექმნის, თუმცა, კითხვაზე, შეიძლება თუ არა, კოალიცია მამუკა ხაზარაძის “ლელო”-სთან, ამ ეტაპისთვის, ვერ აკონკრეტებს.

„ჯერჯერობით, რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან კოალიციას არ განვიხილავთ, რადგანაც არ ვიცით, რა პოლიტიკური განლაგება იქნება პარლამენტში. იმაზე საუბარი, ვისთან შევქმნით კოალიციას და პერსპექტივაში რას ვაპირებთ, ნაადრევია. მამუკა ხაზარაძეზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ, მისი გუნდის წევრები არ ვიცით ვინ არიან. მათი ლიდერი, არაა ჩვენთან ახლოს, მაგრამ, პოლიტიკაში ხდება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლება პოლიტიკურად იმ მომენტში გაზიანებდეს, მაგრამ ქვეყნისთვის იყოს პოზიტიური. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ “ნაც. მოძრაობასთან” და “ევრო ნაცებთან” კოალიციას არ შევქმნით“ – განუცხადა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარს“.

რაც შეეხება „ლელოს“ შესაძლებლობებს, როგორც ლომიამ აღნიშნა, უამრავი უსახლკაროა საქართველოში, რომლებსაც “თიბისი ბანკმა” სახლები წაართვა: „გამიჭირდება თქმა, თუ რამდენი ადამიანით შევა ხაზარაძე პარლამენტში, თუმცა, თუ მისი საარჩევნო კამპანია კარგად იქნება დაფინანსებული, შესაძლებელია 2-3 ადამიანით ვიხილოთ პარლამენტში“.

მსგავსი თემები