“როდესაც მკვლელი გყავს შვილი, ის სახლში არ უნდა გააჩერო” – ია მეტრეველი ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე   

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს პოლიციელის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, ხორავას ქუჩის ტრაგედიის მოწმე მოზარდების მშობლებს მოუწოდებს, დათვურ სამსახურს ნუ უწევენ თავიანთ შვილებს და მოსთხოვონ მათ, ითანამშრომლონ პროკურატურასთან, რათა დროულად დაისაჯონ დამნაშავეები.

როგორც მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ია მეტრეველმა დღეს განაცხადა, მისი შვილი მკვლელი რომ ყოფილიყო, საკუთარი ხელით ჩააბარებდა პროკურატურას, რადგან მიაჩნია, რომ დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. მკვლელი, ვინც არ უნდა იყოს ის, უნდა დაისაჯოს კანონის ძალით.    

“იმ ბავშვების სინდისზე უნდა იყოს ყველაფერი, რომლებიც არიან ჩუმად და არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, მათ მშობლებს მინდა მივმართო, დათვურ სამსახურს ნუ უწევენ თავიანთ შვილებს, მათ უნდა ამოიღონ ხმა, თქვან სიმართლე და დაეხმარონ პროკურატურას, რათა დროულად დაისაჯონ დამნაშავეები. როდესაც მკვლელი გყავს შვილი, ის სახლში არ უნდა გააჩერო და ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. მე ჩემ შვილს ჩემი ხელით ჩავაბარებდი პროკურატურას, თუ ის იქნებოდა მკვლელი და ასეთი სისასტიკით იქნებოდა გამორჩეული”, – ამბობს ია მეტრეველი.

მისივე აზრით, დასაფიქრებელია ასევე, საიდან მომდინარეობს ხორავას ქუჩის მკვლელობის მონაწილე მოზარდების განსაკუთრებული სისასტიკე, რაც გარკვეულწილად “ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიანი მმართველობის შედეგია.

“მთელი ცხრაწლიანი რეჟიმის განმავლობაში ამ ბავშვებს ესმოდათ მხოლოდ დაჭერები – მამების, ძმების, მეგობრების… ახლა ვიმკით იმ 9 წლიანი რეჟიმის უბედურებას. ეს სისასტიკე არის ამის შედეგი. ტელევიზიების ეთერიდან დღესაც მოედინება აგრესია და საშინელება, პირველი ნიუსები იწყება – მოკლეს, დაჭრეს… კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ამ მშობლებს, რომ დროულად ითანამშრომლონ და ყველა დამნაშავე დაისაჯოს”, – განაცხადა ია მეტრეველმა. 

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, ვერაზე, მოკლული არასრულწლოვანის, დავით სალარიძის მამა სასამართლო განაჩენით უკმაყოფილოა და პარლამენტის შენობის წინ, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს. 

მსგავსი თემები