ძმამ, მცირეწლოვან დას, სავარაუდოდ, მარიხუანა მოაწევინა – დაწყებულია გამოძიება

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ სთავაზობს არასრულწლოვანი მცირეწლოვან ბავშვს, სავარაუდოდ, მარიხუანას.

სოციალური მუშაკის განცხადებით, გამოიკითხა 15 წლის მოზარდი, რომელიც, ვიდეოჩანაწერის მიხედვით, თავის 4 წლის დას, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას სთავაზობს და მას რამდენჯერმე ასუნთქებს. მისივე ინფორმაციით, არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და ისინი უსაფრთხოდ არიან.

აგრეთვე, ვიდეოჩანაწერს გამოეხმაურნენ საკანონმდებლო ორგანოში. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ეს არის შემაშფოთებელი და მისი ინტერნეტსივრცეში განთავსება გამაღიზიანებელია. 

ზოიძის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმი საკმარისი არ არის და აუცილებელია, ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.

“მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმი ვერ იქნება ეფექტური პრევენცია. ძირითადი მიმართულება, რასაც განათლების სამინისტრო და მთლიანად მთავრობა ხელს შეუწყობს, ეს იქნება მასობრივი სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, რაც ნებისმიერ ასეთ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე შემცირების ერთადერთი ეფექტიანი, თუმცა უფრო გრძელვადიანი გზაა”, – განაცხადა ზოიძემ.

მომხდარის შესახებ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილით არის დაწყებული, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მამაკაცი მცირეწლოვან გოგონას გარკვეული ნივთიერების კვამლს ასუნთქებს. 

მსგავსი თემები