„ვიმედოვნებ, საზოგადოება სწორად შეაფასებს გუშინდელ მოვლენებს“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე გუშინ, პროკურატურასთან და რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ ზაზა სარალიძისადმი მხარდამჭერი აქცია  რუსთაველზე პოლიტიკურ აქციად გადაიქცა.

დეპუტატის თქმით, ამ ტრაგედიით ხელს ითბობენ ხელმოცარული პოლიტიკური პარტიები.

„გუშინ, პროკურატურასთან ზაზა სალარიძისადმი მხარდამჭერი აქცია რუსთაველზე პოლიტიკურ აქციად გადაიქცა მიუხედავდ იმისა, რომ მათი მთავარი მოთხოვნა – გადამდგარიყო გენერალური პროკურორი, უკვე დაკმაყოფილებული იყო. მიჩნდება ეჭვი, რომ ეს თავიდანვე პოლიტიკურ აქციად იყო დაგეგმილი არა შვილმკვდარი მამის მიერ, რომელიც სამართალს ეძებს, არამედ, ნაცმოძრაობის აქტივისტების მიერ, რომლებიც საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ ამ ტრაგედიას.

გუშინ, მიტინგზე მისული მოქალაქეები გულწრფელად გულშემატკივრობდნენ ზაზა სალარიძეს, თუმცა, მოგვიანებით ისინი სხვა მოთხოვნების წინაშე აღმოჩნდნენ. ბევრმა ღიად განაცხადა, რომ ვერ მიდიოდნენ პროკურატურასთან იმის გამო, რომ სარალიძის გვერდით მკვლელები იდგნენ. საშინელებაა ჯერ თავად ეს ტრაგედია, შემდგომ, პასუხგაუცემელი კითხვები და კიდევ უფრო მეტი საშინელებაა, როდესაც ამ მდგომარეობას ნებისმიერი პოლიტიკოსი საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.

საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, ვხვდებით, ისინი განაწყენებულნი არიან  იმის გამო, რომ მათი სახალხო პროტესტი სიმართლის დასადგენად, პოლიტიკურ პროტესტში გადაზარდეს. ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს საზოგადოებრივი პროტესტის გამოხატვის კულტურა, რომელსაც პოლიტიკოსები საკუთარი მოთხოვნებით არ გააუფერულებენ. მჯერა, საზოგადოება სწორად შეაფასებს გუშინდელ მოვლენებს  და მხოლოდ მათი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე იმოქმედებენ“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები