„პოლიტ-ელიტა მდიდრდება, კლანური მმართველობა იზრდება, მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი ღარიბდება“ – ჭიჭინაძე გახარიას

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას, სამართლიანობაზე საუბრისას, ამ სიტყვის ფორმულირებას სთხოვს. მისი თქმით,  საინტერესოა, რა იგულისხმება სამართლიანობაში –  სამართლებრივი დასჯა , თუ ნაკლოვანებების აღმოფხვრა.

„ქვეყანაში 90-იანი წლების სქემები დაბრუნდა ყალბი დღგ-ეების კომბინაციით, რის შედეგადაც ქვეყნის ბიუჯეტი ასეულობით მილიონი ლარით დაზარალდა. საბაჟო ტერმინალებიდან ტექნიკა იკარგება; პოლიტ-ელიტა ყოველდღიურად მდიდრდება; კლანური მმართველობა იზრდება; ჩვენი მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი კი, ღარიბდება. ამიტომ მაინტერესებს, როდესაც პრემიერობის კანდიდატი სამართლიანობაზე საუბრობს, რა იგულისხმება სამართლიანობაში: სამართლებრივი დასჯა , თუ ნაკლოვანებების აღმოფხვრა, რომელიც დღეს არსებობს და უფრო და უფრო ღრმავდება? რაც შეეხება ყალბი დღგ-ეების და 90-იანი წლების კომბინაციებს. როდესაც ქვეყანაში ასეთი სქემებია ამუშავებული, დაკავებულია თუ არა რომელიმე თანამდებობის პირი? იმიტომ რომ, ყველამ კარგად ვიცით, ასეთი რაღაცეები „ზემოდან მფარველობის“ გარეშე არ ხდება. საქმე კი, ასრულებენ ასე: მსგავს სქემებში მონაწილე რომელიმე ადამიანი, საპროცესო გარიგებით, გამქრალი ასობით მილიონის სანაცვლოდ იხდის ერთ-ორ მილიონს და მორჩა. ამას გარდა, რამდნიმე თვის წინ, ერთი მეწარმის თხოვნით, მივმრთე საბაჟოს. ტექნიკა ჰყავდა შემოყვანილი და წელიწად ნახევარი პასუხი არ აღირსეს. ბოლოს, მე მიპასუხეს, რომ თურმე ეს შემოტანილი ტექნიკა მოუპარავთ და შსს მოკვლევას აწარმოებდა. ანუ, რა ხდება, რას ვემსგავსებით, სახელმწიფოს ფორმას ვკარგავთ თუ რა ხდება?!“ – აღნიშნული კითხვებით მიმართავს დავით ჭიჭინაძემ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, რომელიც პარლამენტმა დღეს უნდა დაამტკიცოს.  

მსგავსი თემები