“საქართველოს ეკონომიკის 20%-ია ოკუპირებული, ქვეყნის ადამიანური კაპიტალის 20%-ია ოკუპირებული” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის ყველაზე დიდი მუხრუჭი ტერიტორიის, ეკონომიკის, განვითარებისა და ადამიანური კაპიტალის 20%-ის ოკუპაციაა. როგორც გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, მნიშვნელოვანია სადამკვირვებლო მანდატის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრულად გავრცელება.      

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკონომიკის 20%-ია ოკუპირებული, რომ საქართველოს განვითარების, ქვეყნის განვითარების პოტენციალის 20%-ია ოკუპირებული, რომ ქვეყნის ადამიანური კაპიტალის 20%-ია ოკუპირებული და ამაშია  ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი უსაფრთხოების. ეს არის ყველაზე დიდი მუხრუჭი საერთოდ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ ვიქნებით ცივი გონებით… ჩვენ აქ ერთმნიშვნელოვნად ვეცდებით, რომ მოვახერხოთ სადამკვირვებლო მისიის, მათი სრული მანდატის გავრცელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ – განაცხადა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა.  

მან, ოპონენტების მხრიდან სიცრუის გავრცელებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიცრუის საშუალებით, ყველაზე მნიშვნელოვანი საყოველთაო საკითხებიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

„მაგალითად, ოკუპაცია. ჩვენ ყველა შეთანხმებული ვართ, რომ ოკუპაცია არის ყველაზე დიდი პრობლემა, ყველაზე დიდი გამოწვევა, ყველაზე დიდი ბოროტება ჩვენი ქვეყნის და ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობას, მდუმარე პასუხისმგებლობას მაინც უნდა გრძნობდნენ ოკუპაციაზე, მოგვიწოდებენ და ბრალს გვდებენ ოკუპაციის შეფასებაში, რაც  მიუღებელია. საერთოდ, სამშობლოს სიყვარული და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის პრივატიზება არის დაუშვებელი“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრებს უსმენენ. მთავრობის შემადგენლობა საკანონმდებლო ორგანომ დღეს უნდა დაამტკიცოს.   

მსგავსი თემები