აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციის პროექტის განხილვა გაიმართა

აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. კანონში გათვალისწინებულ ცვლილებებზე მსჯელობას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა უძღვებოდა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა კონსტიტუციის კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის შექმნილი საორგანიზაციო კომისიის ხელმძღვანელობა დაავალა.

განხილვაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, რექტორატისა და სტუდენტთა წარმომადგენლებმა, ცნობილმა იურისტებმა.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, განხილვაში მონაწილეებმა ძირითადად მოიწონეს პროექტში შეტანილი ცვლილებები, რომელიც მათ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწემ იურიდიულ საკითხებში გიორგი გვასალიამ წარუდგინა.

„ხაზგასმით ითქვა, რომ ცვლილებების პროექტი აფხაზეთის ა.რ.კონსტიტუციაში სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან. ცალკეული მოსაზრების ავტორთა შორის იყო მცირედი აზრთა სხვადასხვაობა ცენტრალურ და ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურათა შორის ურთიერთდამოკიდებულების  სამართლებრივი ჩარჩოების განსაზღვრის შესახებ, აგრეთვე აფხაზეთის ა.რ.უმაღლესი საბჭოს ლეგიტიმურობის თაობაზე, რასაც შეხვედრის მონაწილე  იურისტებისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ დამაჯერებელი და სამართლებრივად არგუმენტირებული პასუხი გაეცა“ – აღნიშნულია აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს  ინფორმაციაში.

მსგავსი თემები