“ყველამ ვიცით საქართველოს ბანკის არაპროფილური აქტივები: “M კვადრატი”, “რუსთავის აზოტი”, „ევექსი“ და სხვა” – დავით ჭიჭინაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მთავრობის ეკონომიკურ გუნდისთვის მომზადებულ კითხვებს ასაჯაროებს და ხვალინდელ პარლამენტის სხდომაზე კონკრეტულ პასუხებს ელოდება.

როგორც დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ეკონომიკური მიმართულებით წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა ყველაფერია, სახელმწიფოს როლის გაძლიერების გარდა.

 „ყველამ ვიცით საქართველოს ბანკის არაპროფილური აქტივები: „M კვადრატი“,  „რუსთავის აზოტი“,  „ევექსი“ და უამრავი სხვა. ანუ, კანონი ირღვევა და ჩნდება გონივრული ეჭვი, მაშინ რატომ არ რეაგირებს სახელმწიფო?! ყალბი დღგ-ებით 300 მილიონი თუ  ასე ნაწილ-ნაწილ იპარებოდა ამ ქვეყანაში და ხელისუფლება არ იმჩნევდა, ან ვერ მიხვდნენ, მაშინ სულ მცირე სამსახურებრივი გულგრილობისთვისაა  ნახევარი ფინანსთა სამინისტრო დასაჭერი. ბანკები დღეს ადვილი ფულის შოვნით არიან დაკავებული  და საერთოდ არც კი აინტერესებთ  ბიზნესის, მით უმეტეს, მცირე და საშუალო ბიზნესი  დაფინანსება. სავალუტო კურსი კი, პირდაპირაა მიბმული სავალუტო სპეკულაციებთან“, – აცხადებს დეპუტატი და ეკონომიკურ გუნდს შემდეგი კითხვებით მიმართავს:

ბანკები ბლუმბერგზე აძლევენ თუ არა ერთმანეთს ინფორმაციას მომავალი კურსის ტენდენციებთან დაკავშირებით? რადგან, თუ პარამეტრები არაა გაუარესებული, მაშინ  რატომაა ლარის კურსი ასეთ მდგომარეობაში?!

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ჩვენ ერთი ეტაპი გავიარეთ და ავკრძალეთ არაპროფილური საქმიანობა. თუმცა, საქართველოს ბანკი – მასთან მიმართებაში რატომ არ ხდება აქცენტირება მის არაპროფილურ საქმიანობაზე?

არ იცით რომ „ემ კვადრატი“,  რუსთავის აზოტი, „ევექსი“ რეალურად მისია, თუ  აქაც დამფუძნებელი ჯგუფებით ვიტყუებთ თავს?!

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, ბატონ მაჭავარიანს კი  მინდა ვკითხო, რატომ მოხდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში,  20 წლის წინანდელი, ჩამოწერილი 25 მილიონი დოლარის გადახდა და რატომ არის ეს გასაიდუმლოებული?!

საუბარია ვალზე, რომელიც ყველა ხელისუფლებამ აღიარა, როგორც შევარდნაძის კორუფციული ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულება გარკვეული კომპანიის მიმართ.

დღეს კი, ხელში მაქვს  საქართველოს მთავრობის 2015, 2016 და 2017  წლის განკარგულებები, „რაიფაიზენ“ ბანკსა და საქართველოს შორის გასაფორმებელი მორიგების ხელშეკრულების პროექტების შესახებ. ეს არის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ფინანსთა სამინისტრო ფულს უყოფს იუსტიციის სამინისტროს  და დაახლოებით 65 მილიონი ლარი მიდის ქვეყნის ბიუჯეტიდან. ანუ, ვის სასარგებლოდ  მოხდა ეს გარიგება?

ბოლოს, დავით ჭიჭინაძის შეფასება შემდეგია: „ეკონომიკური გუნდის მიერ წარმოდგენილ პროგრამაში, მე ყველაფერს   ვხედავ სახელმწიფოს როლის გაძლიერების გარდა“.  

მსგავსი თემები