“პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალდება, ფულის გათეთრება დამიმატა” – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პროკურატურაში ახალი ბრალის დადგენილება გააცნეს. მისი თქმით, მას კიდევ სხვა მუხლითაც დაუმძიმეს ბრალდება, რომელიც პროკურატურას ბრიფინგზე არ უთქვამს.

„პირდაპირ საოცრება ხდება დღევანდელ პროკურატურაში. 194-ე მუხლი, ფულის გათეთრებაა ახალი ბრალდება. ოღონდ ვეღარ დავადგინე, ფული თუ იყო და გათეთრდა, ე.ი. ყოფილა ფული და თუ არ იყო, მაშინ რა გათეთრდა, ცოტა უნდა გაარკვიოს პროკურატურა. მართლა, სასაცილოდ იხდის საქმეს და თან ახლა ჩემთან არ შეიძლება ეგეთი თამაშები. მიზანი არის მთავარი არხი, რომელსაც ვერ დააზიანებენ. ფულის გათეთრება დამატებულია სავარაუდოდ იმიტომ, რომ მე გამიჭირდეს კომუნიკაცია ინვესტორებთან. უკრაინაში მჭირდებოდა ინვესტორებთან წასვლა და არ გამიშვეს რამდენიმე დღის წინ, თუმცა მაინც შევძელი მათთან ინტერნეტთათბირი“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას დღეს ბრალი დაუმძიმდა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გვარამიას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მსგავსი თემები