“დაგროვდა საქმეში მასალები, რომლითაც ჩვენ შეიძლება სტრასბურგს მივმართოთ” – ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატი

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეროვნული ბანკის წინააღმდეგ არსებული საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ადვოკატი სააპელაციოში გაასაჩივრებს.

ზვიად კორძაძე იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო მათ სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ გამორიცხავს, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.

“გარდა სისხლის სამართლის საქმისა, რომელსაც ჩვენვე ვაწარმოებთ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ადმინისტრაციული წესით დაობენ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, აღნიშნული საქმე “თიბისი ბანკის” მიმართ შეწყდა, მაგრამ მამუკა და ბადრი აგრძელებდნენ დავას. თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება იმ უცნაური მოტივით, თითქოსდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომ გადაეყენებინა ისინი სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციიდან და ის აკრძალვა, რომ ვერანაირი დაფინანსება მას და მისი ოჯახის წევრებს არ შეეძლოთ მიეღოთ, ასეთი აკრძალვა თითქოსდა არ ლახავს მათ უფლებებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საბოლოოა. იმედი არ მაქვს, რომ რამე შეიცვლება სააპელაციო სასამართლოში. 

ამასთან, უკვე დაგროვდა საქმეში მასალები, რომლითაც ჩვენ შეიძლება სტრასბურგს მივმართოთ, ამიტომ საქმეში ჩაერთო ორი საკმაოდ გამოცდილი, კვალიფიციური და აღიარებული ადვოკატი – სტივენ ქეი, რომელიც არის ბრიტანეთის დედოფლის იურისტის საპატიო ტიტულის მფლობელი. საერთაშორისო აღიარების მქონე სისხლის სამართლის სპეციალისტი. ის წაიყვანს ჩვენს გუნდში იმ მიმართულებას, რასაც ჰქვია საქართველოს საზღვარგარეთ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ინტერესების წარმოდგენა. მეორე ჩვენი კოლეგა ეს არის ვინსენტ ბერგერი, ფრანგი ადვოკატი, რომელი ევროპის კოლეჯის საპატიო პროფესორი, ევროპის ადვოკატთა საბჭოსა და სამართლის საზოგადოებების (CCBE) ექსპერტი. წლების განმავლობაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას, იყო ევროსაბჭოს ექსპერტი“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლების ადვოკატის თქმით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვის თარიღმა ერთი თვით გადაიწია. აღნიშნულის საფუძველი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა, რომლის საფუძველზეც ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატმა 12 სექტემბერს დანიშნული წინასასამართლო სხდომის გადადება მოითხოვა

„12 სექტემბერს დანიშნული იყო წინასასამართლო სხდომა. ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა, სხდომა გადაიდო 10 ოქტომბრისთვის. ორი შუამდგომლობა, რომელითაც მიმართა სასამართლოს პროკურატურამ ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე დაკმაყოფილდა. ორივე გადაწყვეტილების გასაჩივრების შედეგი არის უარი და შესაბამისად, ყადაღის გადაწყვეტილება დარჩა ძალაში“, – განაცხადა კორძაძემ.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და შეთანხმების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვა დაუწესა. პროკურატურამ ასევე შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ბრალდებულების ანგარიშების დაყადაღების თაობაზე, რაც სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა.

მსგავსი თემები