აშშ რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. როგორც ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს გილმორმა ვენაში, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ისევე, როგორც საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ამასთან, ელჩის თქმით, რუსეთის მცდელობა, ხელახლა დაწეროს ისტორიული ფაქტები და შექმნას ყალბი ნარატივი, კონფლიქტის დარეგულირებისკენ მიმართულ ძალისხმევას კვლავ ხელყოფს და წარმატებული ვერ იქნება.

ჯეიმს გილმორის განცხადებით, კანადის მსგავსად, აშშ-იც შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის სიახლოვეს მავთულხლართების გავლების სამუშაოების განახლების შესახებ ცნობების გამო.

„ბორდერიზაციის“ პროცესი აღნიშნულ რაიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უსამართლოდ აზარალებს და მათ ჰყოფს საკუთარი მიწის ნაკვეთებისგან, ოჯახებისგან, საარსებო წყაროსგან და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისგან. ბორდერიზაცია ლახავს საქართველოს სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპებს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია; გაიყვანოს თავისი ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივი მიწოდება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. აშშ თვალყურს ადევნებს ცნობებს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან რუსეთის ძალის გაძლიერების შესახებ და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის ფაქტებს კვლავ გამოააშკარავებს“, – განაცხადა ელჩმა.

აშშ მოუწოდებს ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია და გააგრძელონ მუშაობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების საშუალებით ოკუპაციის პრობლემის გადასაჭრელად. 

მსგავსი თემები