გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კანონმდებლობის დარღვევის 6 036 ფაქტი გამოავლინეს

„2019 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გამოავლინა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 6 036 ფაქტი, მათ შორის სისხლის სამართლის ნიშნებს  შეიცავდა 469 საქმე, რომლებიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საგამოძიებო ორგანოებს“ – აღნიშნული განცხადება  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, მოსმენისას გააკეთა.

დავითაშვილის ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობისა და კონტროლის კუთხით გარკვეული პროგრესი უკვე სახეზეა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ ვქმნით  გარემოსდაცვითი კუთხით  სწორ ეკონომიკურ ურთიერთობებს, რაც  კონსერვაციისა და დაცვის ყველაზე ეფექტური მექანიზმია. უნდა აღინიშნოს, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობისა და კონტროლის კუთხით გარკვეული პროგრესი უკვე სახეზეა. გამკაცრდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მერქნიანი მცენარეების უკანონო მოპოვების,  ნადირობის წესების დარღვევისა და წიაღისეულის უკანონო მოპოვების შემთხვევებში. ასევე,  გამკაცრდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სახერხი საამქროების რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირების, წითელი ნუსხით დაცული სახეობების მოპოვების, ასევე ყველაზე მანკიერი პრაქტიკის – ელექტროშოკური აპარატის ან ასაფეთქებლების გამოყენებით თევზჭერის შემთხვევებზე,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ განხორციელდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სრული რებრენდინგი,  რომლის პრეზენტაციაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. აღსანიშნავია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების ხელფასის ზრდა, რეინჯერების ხელფასი 100%-ით – 450 ლარიდან 900 ლარამდე  უკვე გაიზარდა.  ასევე, მიმდინარეობს  აღნიშნული უწყებების  თანამშრომელთა სადაზღვეო პაკეტებით უზრუნველყოფა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება, რაც ეფექტიანი კონტროლის საშუალებას მოგვცემს.

2019 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით,  განხორციელდა რეგულირების ობიექტების 1805 ინსპექტირება, აქედან შემოწმებული ობიექტების 31%-ში  დარღვევა არ გამოვლინდა.

მსგავსი თემები