თუ ინდოელ ტურისტებს საზღვარზე პრობლემებს არ შეუქმნიან, ყოველ მეორე დღეს, ჩარტერით, დიდი ნაკადი ჩამოვა   

“სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის” დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის, ინდოეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული ბაზარია. თუმცა, რთული სავიზო პროცედურების შედეგად, ბევრი ტურისტული კომპანია უარს ამბობს თანამშრომლობაზე.

როგორც შალვა ალავერდაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინდური ტურისტული კომპანიები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ მათ მიერ ჩამოყვანილი ტურისტები საქართველოში არ დარჩებიან და უკან დაბრუნდებიან. მისი თქმით, ერთ-ერთი ავია კომპანია მზად არის, ორ დღეში ერთხელ ფრენები განახორციელოს საქართველოში ინდოელი ტურისტების ჩამოსაყვანად, თუმცა მათი მოთხოვნაა მივცეთ გარანტია, რომ საზღვარზე ჩამოყვანილ ტურისტებს პრობლემები არ შეექმნებათ.

 “საკმაოდ რთულად მიდის ინდოეთიდან ტურისტების შემოყვანის საკითხი. ინდოეთი ყველაზე დიდი ბაზარია, მაგრამ, რთული სავიზო პროცედურების გამო, ინდოეთის მოქალაქეები ვერ ჩამოდიან საქართველოში. ბევრი ტურ-ოპერატორი მარტო ერთ რაღაცას გვთხოვს, რომ სავიზო პროცედურები დავუკმაყოფილოთ და სტუმარს ჰქონდეს ელექტრონული ვიზა საქართველოში, თუმცა, ამის გარანტიას ჩვენ ვერ ვაძლევთ. ამიტომ “ინდიგომ” განაცხადა, რომ მაისამდე საქართველოში ფრენებს არ განაახლებს. ახლა რამდენიმე ტურისტულ კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკება. ერთ-ერთ კომპანიას სურს ჩარტერების დაწყება და ორ დღეში ერთხელ ჩარტერის შემოყვანა სავსე ტურისტებით. თუმცა, იმათაც იგივე წინადადებაა აქვთ ჩვენთან, რომ თუ მივცემთ გარანტიას, რომ მათ საზღვარზე პრობლემები არ შეექმნებათ ისინი შემოიყვანენ ინდოელ ტურისტებს. ტურისტული კომპანიები, რომლებსაც ჩვენ ვეკონტაქტებით, მზად არიან განათავსონ დეპოზიტი ქვეყანაში. იმ შემთხვევაში თუ, რომელიმე მათი ტურისტი დარჩება ქვეყანაში, ეს კომპანიები დაჯარიმდებიან და მათ აენთებათ „წითელი შუქი“. შესაბამისად, ეს კომპანიები თვითონვე იღებენ ვალდებულებას, რომ თავისივე ტურისტებს ჩამოიყვანენ და უკან წაიყვანენ,”- განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში.

მსგავსი თემები