“იმედი მაქვს უნგრელები საქართველოში ჩამოსვლით, კულტურით, ღვინითა და გასტრონომიით დაინტერესდებიან”- უნგრეთის პრეზიდენტი

“იმედი მაქვს, მომავალში უნგრეთის მოსახლეობა დაინტერესებული იქნება საქართველოში ჩამოსვლით, მისი კულტურით, ღვინითა და გასტრონომიით”,- ამის შესახებ უნგრეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

შეხვედრაზე იანოშ ადერმამ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უნგრეთს შორის ავიამიმოსვლაზე. 

ასევე, მან მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე.

„რამდენადაც ვიცი, 1990 წლის შემდეგ საქართველოში უნგრეთის პრეზიდენტი ჯერ არ ჩამოსულა და ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ვარ პირველი უნგრელი პრეზიდენტი, ვინც ოფიციალური ვიზიტით თბილისს ეწვია. ინტეგრაციისა და უშიშროების სფეროში ძალიან მკვეთრი საკითხები გვაქვს. უნგრეთი როგორც ადრე, მომავალშიც აპირებს მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებას ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ვიცით, რომ შეიქმნა ახალი კომისია და იმედი მაქვს, კომისიის წევრები ახალ ბიძგს მისცემენ ამ საკითხს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ უნგრეთი ყველანაირად მხარს უჭერს საქართველოს ამ საკითხში. ამის გარდა, შეხვედრაზე ტურიზმის სფეროზეც ვისაუბრეთ. ვიცით, რომ „ვიზეარმა“ სამი-ოთხი წლის წინ შექმნა მიმოსვლა საქართველო-უნგრეთს შორის, რაც ძალიან დიდი წვლილია ტურიზმის თვალსაზრისით. იმედი მაქვს, მომავალში უნგრეთის მოსახლეობა დაინტერესებული იქნება საქართველოში ჩამოსვლით, მისი კულტურით, ღვინითა და გასტრონომიით.

გუშინ მქონდა შესაძლებლობა, მომესმინა ქართველი მომღერლების მიერ შესრულებული სიმღერები, რამაც ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა ჩემზე. შევპირდი საქართველოს პრეზიდენტს, რომ იმ ფესტივალებზე, რომელიც ტარდება უნგრეთში, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ქართველმა მომღერლებმა. ეს აქამდეც ხდებოდა, თუმცა მინდა, გაფართოვდეს“, – აღნიშნა უნგრეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

უნგრეთის პრეზიდენტი თბილისს მეუღლესთან, ანიტა ჰერჩეხთან ერთად გუშინ ეწვია

მსგავსი თემები