გიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის მინისტრს დაავალა, ახალი მთავარი პროკურორი ფართო ლეგიტიმაციით შეირჩეს 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს დაავალა,  ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატურა საზოგადოების ფართო ფენების ლეგიტიმაციით შეირჩეს. ამ პროცესში ჩაერთოს პარლამენტის ყველა ფრაქცია, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, მთლიანად საზოგადოება.

“არც ერთი მისხალი ეჭვი პიროვნულ რეპუტაციაზე, თუ მის პიროვნულ მახასიათებელზე ახალ მთავარ პროკურორთან მიმართებაში არ არსებობდეს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერის შეფასებით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, საპროტესტო აქციის ფონზე თანამდებობის საკუთარი სურვილით დატოვებით ღირსეული ნაბიჯი გადადგა და პროკურატურის რეპუტაცია ეჭვქვეშ არ დააყენა.

„ირაკლი შოთაძემ გადადგა ღირსეული ნაბიჯი და ერთი წამით არ დააყენა ეჭვქვეშ პროკურატურის რეპუტაცია. გამომდინარე აქედან, ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი. უმოკლეს ვადაში, რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება პარლამენტი, დაამტკიცებს კომისიის შემადგენლობას, სადაც, რამდენადაც ვიცი, შესაძლებელია და კარგიც იქნება ამ შემთხვევაში, უმცირესობა იყოს წარმოდგენილი უმრავლესობის სახით”, – განაცხადა პრემიერმა.

​მისივე თქმით, კომისია მუშაობას უმოკლეს პერიოდში დაიწყებს, რა პერიოდშიც ტექნიკურად იქნება ეს შესაძლებელი.  

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე 13 წლის მოზარდის, დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო განჩინებით უკმაყოფილო მამამ, ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქცია გამართა, სარაც საზოგადოების მხრიდან ფართო მხარდაჭერა მოჰყვა. პროტესტის შედეგად მთავარი პრემიერი ირაკლი შოთაძე, თანამდებობიდან გადადგა.  

მსგავსი თემები