ზუგდიდსა და თბილისში ბინის მისაღებად დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ქალაქ ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დღეს დაიწყო.

„აღნიშნული სერვისის ფარგლებში, ამ ეტაპზე, განაცხადების მიღება წარმოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ  ზუგდიდში აშენებულ ბინებზე.

განცხადებით მომართვა შეუძლიათ ორი კატეგორიის დევნილ პირებს: ნებისმიერ დევნილ პირს და ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის გამართული ომების დევნილ ვეტერანებს ან ამ ომებში დაღუპულების დევნილ ოჯახის წევრებს.

ვეტერანების შემთხვევაში, განცხადებების მიღება ამ ეტაპზე შესაძლებელია ზუგდიდში და ასევე თბილისსა და ქუთაისში აშენებულ ბინებზე“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების შევსება მხოლოდ 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შეუძლიათ. განმცხადებელმა, სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარმოადგინოს ომის ვეტერანის და/ან ოჯახის წევრის ომში დაღუპვის დამადასტურებელი საბუთები.

„სერვისის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს – 1505“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

განაცხადების შევსებას დევნილის სტატუსის მქონე პირები მხოლოდ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეძლებენ. განაცხადების მიღება 2019 წლის 2 სექტემბერს დაიწყო და 2 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მსგავსი თემები