“სოციალური ქსელი საუკეთესო საშუალებაა მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის” – კახა კალაძე

“სოციალური ქსელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის”, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ  სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას.

„ფეისბუქი არის კომუნიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა. თუ დააკვირდებით ჩემს აქტიურობას, ძირითადი საკომუნიკაციო წყარო არის ფეისბუქი, სოციალური ქსელი, სადაც ძალიან მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა მაქვს საზოგადოებასთან და არის საუკეთესო საშუალება დღეს, 21-ე საუკუნეში. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ტელევიზიით მივაწოდოთ ინფორმაცია მოსახლეობას. არის სოციალური ქსელი, სადაც 100 ათასობით ადამიანი არის ჩართული და საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის, მიაწოდო ინფორმაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დადებითად შეაფასა მამუკა ბახტაძის მუშაობა და მას მადლობა გადაუხადა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო მინისტრობასთან დაკავშირებით, კალაძე ამბობს, რომ გუშინ მინისტრების კანდიდატებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

„პრემიერ-მინისტრი მიიღება გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება მის გუნდში. მე თუ მეკითხებით, როგორც გენერალურ მდივანს, რა თქმა უნდა, მივესალმები ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობას. მგონია, რომ ის იქნება ძალიან ძლიერი შინაგან საქმეთა მინისტრი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები