“თბილისი მიზანმიმართულად ძაბავდა სიტუაციას საზღვარზე პროვოკაციული აქციებით” – რუსეთის საგარეო უწყების განცხადება

“ბოლო თვეების განმავლობაში, თბილისი მიზანმიმართულად ძაბავდა სიტუაციას საზღვარზე პროვოკაციული აქციებით, პოლიტიკურ-პროპაგანდისტული კამპანიით, რომელთაც დასავლური ქვეყნების მხარდაჭერით ახორციელებდა”, – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებას.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთი სერიოზულად არის შეშფოთებული სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვართან დაძაბულობის ესკალაციით. 

„ეს პროვოკაციული ქმედებები განხორციელდა თბილისის მიერ ცხინვალისთვის არაერთხელ ნათქვამი უარის ფონზე. დაიწყოს მოლაპარაკებები საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციაზე. ამ პირობებში, სამხრეთ ოსეთის მხარე იძულებულია, ცალმხრივად შეასრულოს ინჟინერულ აღჭურვასთან დაკავშირებული სამუშაოები. ისინი მიმართულია იქ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. ეს არის სამხრეთ ოსეთის სუვერენული უფლება, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსი.

ბოლო თვეების განმავლობაში, თბილისი მიზანმიმართულად ძაბავდა სიტუაციას საზღვარზე პროვოკაციული აქციებით, პოლიტიკურ-პროპაგანდისტული კამპანიით, რომელთაც დასავლური ქვეყნების მხარდაჭერით ახორციელებდა. ეს არ უწყობდა ხელს საზღვართან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრას და პირიქით, ძაბავდა ვითარებას რეგიონში, რამაც არსებულ სიტუაციამდე მიგვიყვანა“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მხარეებს თავშეკავებისკენ, რომ გაგრძელდეს სადაო საკითხების განხილვა კონსტრუქციული დიალოგით ჟენევის მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში.

მსგავსი თემები