“საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები არ აპირებენ ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს” – ვლადიმერ ბორცვაძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ულტიმატუმის ენით საუბარს არ აპირებენ. 

როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შედგა კონსტრუქციულ, მშვიდ რეჟიმში ყოველგვარი გართულებების გარეშე.

„დღევანდელ შეხვედრაზე არაერთ საკითხთან დაკავშირებით იყო საუბარი. პირველივე და მთავარი არის ის, რომ როგორც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი არ აპირებენ ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს. განმარტეს, რომ ეს იყო არასწორი ინტერპრეტაცია ჟურნალისტების მხრიდან. ჩვენს კითხვებზე, რომელიც საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით გააჩნდათ, დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებს ავუხსენით და განვუმარტეთ, რომ ეს საგუშაგო ემსახურება ერთადერთ მიზანს – უსაფრთხოების დაცვას. მათ თქვეს, რომ ამ საგუშაგომ შეშფოთება გამოიწვია ადგილობრივ ხელისუფლებაში“, – განაცხადა ბორცვაძემ.

მისივე თქმით, ბლოკსაგუშაგო რჩება ადგილზე და პოლიციელები აგრძელებენ უსაფრთხოების დაცვას.

„გარკვეული კითხვები ბლოკპოსტის ლოკაციასთან დაკავშირებით დაისვა, თუმცა ლოგიკური არგუმენტები, რატომ არ უნდა იყოს საგუშაგო ამ ლოკაციაზე, ვერ მოვისმინე. ჩვენ ჩვენი არგუმენტები ვუთხარით. შესაბამისად, ბლოკსაგუშაგო რჩება ამ ადგილზე და ჩვენი ბიჭები აგრძელებენ უსაფრთხოების დაცვას, ისევე როგორც აქამდე ახორციელებდნენ“, – განაცხადა ბორცვაძემ.

მსგავსი თემები