“ჩვენი პარტნიორები ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე დეტალურად არიან ინფორმირებული” – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. დავით ზალკალიანის თქმით, აუცილებელია, შესაძლებლობა არ მივცეთ იმ ძალებს, რომელთაც სურთ სიტუაციის დაძაბვა, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს კონტროლის ჩარჩოებიდან

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე პროცესებში, საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების კუთხით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული.

„გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში მთელი დიპლომატიური უწყება იყო მუდმივ კონტაქტზე ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ხდებოდა მათთვის ბოლო განვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. ჩენი ყველა პარტნიორი არის დეტალურად ინფორმირებული და მათი მხრიდანაც არის ყველა მექანიზმი ამოქმედებული იმისთვის, რომ ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოვიდეთ მშვიდად. ვითარების დეესკალაცია აუცილებელია. ყველა, ვინც კი ჩართულია ამ პროცესში და მე მხედველობაში მაქვს ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ამ სიტუაციას და ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფორმატში მონაწილეობისას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, რადგანაც სიტუაციის ესკალაციაზე პასუხისმგებელი იქნება ძალა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე“, – განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანის განცხადებით, ვითარების დარეგულირებაში ჩართულია ყველა სუბიექტი, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მექანიზმის მონაწილეები – ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ამ წუთებშიც შეხვედრაზე იმყოფება.

“ჩართული არის ყველა ძირითადი აქტორი, მათ შორის, ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ამ წუთებშიც შეხვედრაზე იმყოფება, ასევე ევროკავშირის მისია. მე მაქვს ჩემს კოლეგებთან, მათ ხელმძღვანელობასთან მუდმივი კავშირი, ისინიც არიან ინფორმირებული მიმდინარე პროცესების შესახებ და ამ სიტუაციაში აუცილებელია, ჩვენ განსაკუთრებული სიმშვიდე შევინარჩუნოთ, არ მივცეთ შესაძლებლობა იმ ძალებს, რომელთაც სურთ სიტუაციის დაძაბვა, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს კონტროლის ჩარჩოებიდან. ამიტომ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს ავამოქმედებთ და ეს მექანიზმები უკვე ამოქმედებულია ყველა მიმართულებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი თემები