„მრეწველები“ კოალიციაში ყოფნას ისევ „ქართულ ოცნებასთან“ გეგმავენ

პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კოალიცია ისევ „ქართულ ოცნებასთან“ ექნებათ. აღნიშნულ საკითხზე დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„არსებული კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, პარტიები არჩევნების წინ გავერთიანდეთ და შევქმნათ კოალიცია.  ჩენ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. თუ არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტე, სწორედ „მრეწველების“ სიით ვიყრი კენჭს. ვვარაუდობთ, რომ მოზრდილ დეპუტაციას შევიყვანთ პარლამენტში და თუ ჩვენი პროგრამა დაემთხვევა იმ პარტიების პროგრამას, რომლებიც გადაწყვეტენ კოალიციის შექმნას, არ გამოვრიცხავ, კოალიციის წევრ გავხდეთ. „ქართულ ოცნებასთან“ შეგვიძლია თანამშრომლობა კოალიციური მთავრობის შესაქმნელად, რადგანაც ბევრ რამეში გვაქვს თანხვედრა და 2012 წლიდან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ“, – განაცხადა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, არის საკითხები, რაზეც „მრეწველებს“ განსხვავებული შეხედულებები გააჩნია, თუმცა, თანამშრომლობაში ეს პრობლემებს არ ქმნის.

„არის საკითხები, რომელზეც ჩვენი შეხედულებები გვაქვს. მაგალითად, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ახალი გადაწყვეტილებებია მისაღები. ვფიქრობ, რომ დიალოგი უნდა ვაწარმოოთ რუსულ მხარესთანაც, აფხაზებთანაც და ოსებთანაც. რომელიმე მხარის იგნორირება არ შეიძლება. სავაჭრო ურთიერთობები და ტურიზმი რუსეთთან გაგვაჩნია, თუმცა, პოლიტიკურ საკითხებზეც შეიძლება საუბარი“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები