„მკვლელობის მონაწილე მხოლოდ ის ორი ახალგაზრდა არ იყო… ამ უმძიმეს დანაშაულში, სხვა პირებიც მონაწილეობდნენ“ – ნუკრი ქანთარია

პროკურატურასთან მიმდინარე პროცესებსა და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით  განცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია აკეთებს. როგორც დეპუტატი „მთავართან“ საუბრისას აცხადებს, დღეს დადასტურდა, რომ მკვლელობაში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ.

„დღეს დადასტურდა, რომ ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით წერტილი არ არის დასმული. სასამართლომ გარკვეულად გამოკვეთა, რომ ამ მკვლელობის მონაწილე მხოლოდ ის ორი ახალგაზრდა არ იყო, რომლებიც განსასჯელის სკამზე ისხდნენ და რომ ამ უმძიმეს დანაშაულში, სხვა პირებიც მონაწილეობდნენ. მეც სწორედ ეს განცდა მქონდა ამდენი ხნის მანძილზე, რასაც ვაკვირდებოდით და ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირე, რომ მხოლოდ ორი არასრულწლოვანი ვერ ჩაიდენდა ასეთი სისასტიკის მკვლელობას თანატოლების მიმართ. პროკურატურა ვალდებულია, გამოძიება გააგრძელოს და ყველა რესურსი ჩართოს ამ უმძიმესი საქმის დროულად და სრულყოფილად გამოსაძიებლად“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ „მთავართან“.

„მარტო ის ფაქტი, რომ მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვნებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, საკმარისი არ არის. თუ საჭიროა, გამოძიება თავიდან დაიწყოს. თუ უნდათ უცხოელი ექსპერტები ჩამოიყვანონ. წინ სააპელაციო სასამართლოა და საზოგადოება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას და ობიექტურ განაჩენს ელოდება. ვფიქრობ, აი, ამის შემდეგ იქნებოდა მიზანშეწონილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. საზოგადოების კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს“, – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

ქანთარია მთავარი პროკურორის განცხადებასაც აფასებს, რომლის მიხედვითაც, გამოძიების პროცესში საერთაშორისო გამომძიებლები ჩაერთვებიან. მისი თქმით, მთავარია, სიმართლე დადგინდეს და არა ის, ვინ ჩაერთვება პროცესში.

„კარგია, თუ საქმის გამოძიებაში უცხოელი პროკურორებიც ჩაერთვებიან. თუ უნდათ, საზოგადოებრივი კომისიაც შედგეს. მთავარია, სიმართლე დადგინდეს და რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალედ, რათა საზოგადოებაში გაჩენილ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. უნდა გამოჩნდეს, რომ გამოძიება არ ჩერდება. გამოიკვეთოს არა მხოლოდ თანამონაწილეები, შემსრულებლებიც. ვნახოთ, განაჩენი შეიცვლება თუ არა. პროკურატურამ მის ხელთ არსებული ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს საქმის სრულად გამოსაძიებლად და საზოგადოების აზრის შესაცვლელად. თუ ეს არ გაკეთდა, მაშინ საპარლამენტო კომისია უნდა შეიქმნას და ამ ფორმატში მოხდეს სრული სურათის აღგენა“ – აცხადებს ქანთარია.

მსგავსი თემები