რატომ ჩაიშალა ერგნეთში, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებთან შეხვედრა? – მხარეები მიზეზებს განმარტავენ

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ჩაიშალა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ანთაძის განმარტებით, შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი უნდა განეხილათ.

„დღევანდელ შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი უნდა განგვეხილა, უნდა გვემსჯელა ყველა იმ მნიშვნელოვან ინციდენტზე, რაც დაფიქსირდა წინა შეხვედრიდან დღემდე და რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს.

უნდა დაგვეყენებინა მწვავედ გუგუტიანთკარში არსებული ე.წ. ბორდერიზაცია, როცა ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ძალებმა საკუთარ სახლებსა და ეზოებში აღუმართეს ხელოვნური ბარიერები. ასევე, ვაპირებდით მძაფრად დაგვეყენებინა ერედვში საოკუპაციო ძალების მიერ განდევნილი ძირძველი ქართველი მოსახლეობის კუთვნილი სახლების დანგრევისა და მათ ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობის ფაქტები. უნდა გვემსჯელა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე და ამ უმწვავესი საკითხების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაგვეთმო არჩილ ტატუნაშვილის წამებაზე.

შეხვედრა დაიწყო უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვით, რაზეც განიხილებოდა სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები. აღნიშნული საკითხის განხილვისას, ცხინვალის წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით დაიჭირეს უკიდურესად დექსტრუქციული პოზიცია და რამდენჯერმე გააჟღერეს ულტიმატუმი და დაემუქრნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფუნქციონირებას იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.

ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხაზგასმით იქნა დაფიქსირებული პოზიცია, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი არ გახლავთ ის ფორმატი, სადაც მისაღებია ულტიმატუმების ენით საუბარი და ნებისმიერი საკითხი შეიძლება განხილულ იქნას დიალოგის გზით. სამწუხაროდ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაჟღერებული კონსტრუქციული შეთავაზებები მათ მიერ არ იქნა გაზიარებული და მათ ჩაშალეს მორიგ ჯერზე შეხვედრა“,- განაცხადა ანთაძემ.

თავის მხრივ, შეხვედრის ჩაშლის მიზეზები მეორე მხარემაც განმარტა.

​ე.წ. დელეგაციის ხელმძღვანელის, ეგორ კოჩიევის განცხადებით, მათ ქართული მხარისგან სოფელ წნელისთან ბლოკპოსტის მოშორება და პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვეს. 

„სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ამ საკითხის განხილვისას, შეწყვიტა და დატოვა დღევანდელი შეხვედრა, რადგან ქართული მხარე არ წამოვიდა კონსტრუქციულ დიალოგზე. შეხვედრის მონაწილეები დაიშალნენ ისე, რომ არც კი დაწყებულა საერთო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა“, – განაცხადა კოჩიევმა.

გუშინ, 28 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება. ეს საკითხი დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრაზე უნდა განეხილათ, თუმცა, სუს-ის წარმომადენლის ინფორმაციით, ცხინვალის წარმომადგენლებმა შეხვედრა ჩაშალეს.

მსგავსი თემები