პირბადეები სასურსათო მაღაზიებში დასაქმებულებსა და მეტროს მემანქანეებს დაურიგდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, პირბადეები სასურსათო მაღაზიებში დასაქმებულებსა და მეტროს მემანქანეებს დაურიგდებათ.

ნათია თურნავა პირბადეების მწარმოებელ საწარმო “მოვი”-ში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე გაეცნო პირბადეების წარმოების პროცესს.

„აქამდე საჭიროების არარსებობის გამო არ გაგვაჩნდა ეს წარმოება, თუმცა ძალიან სწრაფად მოვახერხეთ ორგანიზება. სულ უფრო მეტი სამკერვალო საწარმო ერთვება პროგრამაში. ნედლეული შემოდის უცხოეთიდან და ვცდილობთ, ეს მიწოდება ავაწყოთ და პირბადე მივაწოდოთ ყველა იმ კატეგორიას, ვისთვისაც ეს საჭიროა. დიდი დეფიციტია და ამიტომაც დავიწყეთ წარმოება“,- აღნიშნა თურნავამ.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პირბადეების რეალიზაცია მალე დაიწყება და ეს ფასის კონტროლით მოხდება.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მალე ავაწყობთ მასობრივ წარმოებას, რომ პირბადეები გაყიდვაში გამოჩნდეს, თუმცა ფასების კონტროლით. კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს, რომ პირბადეების საჭიროება გაქრება“,- აცხადებს მინისტრი.

მსგავსი თემები