საზღვრის უკანონო დატაცებას ჟენევის ფორმატში განიხილავენ

“უმაღლეს დონეზე გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რომ მომავალში, თავიდან იყოს აცილებული უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე” – ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან  შეხვედრაზე განაცხადა. 

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებული პროცესები.   

„მქონდა შეხვედრა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, განხილვის  ძირითადი საკითხი გახლდათ ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. ბუნებრივია, საუბარი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ყველა დონეზე, უმაღლეს დონეზე გამოვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობას, ყველა ფორმატს, სამივე ორგანიზაციის ფარგლებში იმისთვის, რომ მომავალში  თავიდან იქნას აცილებული უკანონო ქმედებები“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ჟენევის თანათავმჯდომარეები უკვე იმყოფებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში და ადგილზე მოინახულეს შექმნილი სიტუაცია. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს,  ხვალ,  ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრაზე, ისევე როგორც ჟენევის შემდგომ რაუნდზე, იქნება მსჯელობა თუ როგორ უნდა მოხდეს ამ უკანონო “ბორდერიზაციის” პროცესის შეჩერება.

„მე მქონდა სატელეფონო საუბრები უმაღლეს დონეზე გაეროს გენერალურ მდივანთან ბატონ გუტიერეშთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან  ქალბატონ ფედერიკა მოგერინისთან და ასევე, ეუთოს თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკთან. სწორედ მისი წარმომადგენლები არიან ჩამოსული და ჩემი თხოვნის შესაბამისად, მათი ჩამოსვლა დროზე ადრე მოხდა გამომდინარე იქიდან, რომ იქ შექმნილი სიტუაცია არის მიუღებელი და  აუცილებელი იყო, ზუსტად თანათავმჯდომარეების მხრიდან  ადგილზე სიტუაციის შესწავლა და მათზე შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები