“მგონი, შვიდჯერ ვარ ჩასული საოკუპაციო ხაზზე, ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე” – ზურაბიშვილი

“მგონი, შვიდჯერ ვარ ჩასული საოკუპაციო ხაზზე, რუხიდან დაწყებული, ნიქოზი, გრემისხევი და ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს გზა ევროპისკენ, განვითარებისა და დემოკრატიისკენ.

„ეს არის მუდმივი მცდელობა რუსეთის მიერ, რომ ჩაგვითრიოს მხოლოდ ამ საკითხში. ჩვენ ეს უნდა გადავლახოთ და გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისკენ, დემოკრატიისკენ, განვითარებისკენ ისე, რომ მუდმივად უკან არ ვიყურებოდეთ და არ ვიყოთ რუსეთის დღის წესრიგით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, მისი მოვალეობაა საუბარი საქართველოს პარტნიორებთან.

„ჩემი მოვალეობა არის ის პირდაპირი, ოფიციალური თუ არაოფიციალური საუბრები ჩვენს პარტნიორებთან, რომ ვეძებოთ სხვა გზები და არის ასევე მართლაც ფიქრი იმ გზებზე, ჟენევის ფორმატის შეცვლაზე, ახალი ფორმატების მოფიქრებაზე, ყველაფერ იმაზე, რაც მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენ კი არ ვუყუროთ, რა ხდება იმ საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, არამედ გადავლახოთ ეს სიტუაცია, მოვხსნათ ეს საოკუპაციო ხაზი და დავუბრუნდეთ ჩვენს ცხოვრებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები