ძიუდოს პრეზიდენტი არ გადადგება – მინისტრის ვერდიქტი    

კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ძიუდოს ფედერაციაში არსებულ დაპირისპირებას წერტილი დაუსვა და ვერდიქტი გამოაცხადა. მინისტრის განცხადებით, სპეციალურმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და საბოლოო ჯამში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მიზეზები არ არსებობს.

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, შესწავლილია ყველა საბუთი, რომელიც სამინისტრომ ფედერაციისგან გამოითხოვა. მცირე შეცდომა დაფიქსირდა ერთ დოკუმენტში, რომელიც მწვრთნელებისთვის სტიპენდიების გაყოფას ეხებოდა. შესაბამისად, სამინისტრომ ფედერაციას რეკომენდაციით მიმართა. 

კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით, შეცდომა დაფიქსირდა სამწვრთნელო შტაბთან მიმართებაშიც და ჩავარდნა მოხდა ევროპის ჩემპიონატზეც, რაც მისი შეფასებით, ბუნებრივია ფედერაციის პრეზიდენტის პასუხისმგებლობაც არის. თუმცა, მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ ქევხიშვილმა აღნიშნული შეცდომა აღიარა. მიხეილ გიორგაძე მხარეებს მოუწოდებს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა განისაზღვროს სამწვრთნელო პროცესის დაგეგმვა, რომ სპორტსმენებმა საერთაშორისო ღონისძიებებში ღირსეული ასპარეზობა შეძლონ. 

„ყველა საბუთი შედარებულია. ერთ საბუთში არ იყო წარმოება სწორად გაკეთებული, ეს ეხება სტიპენდიის გაყოფას მწვრთნელებისთვის და ფედერაციას ვაძლევთ შესაბამის რეკომენდაციას. ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატზე ბუნებრივია არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობაც და ეს შეცდომა ქევხიშვილმა აღიარა. შესაბამისად, ფედერაციის ვალდებულებაა ახალი სამწვრთნელო შტაბის შექმნაც. საბოლოო ჯამში ქევხიშვილის გადაყენების აუცილებლობას ვერ ვხედავ. კონფლიქტის დარეგულირებისთვის ორივე მხარეს მოვუწოდებ, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა განვსაზღვროთ სამწვრთნელო პროცესის დაგეგმვა ისე, რომ სპორტსმენები კარგად მოემზადონ დიდი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. 

მსგავსი თემები