შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის გამო, თბილისში 30 სამშენებლო კომპანია დაჯარიმდა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის გამო, თბილისში 30 სამშენებლო კომპანია მილიონ 600 ათასი ლარით დააჯარიმეს.

უწყების ცნობით, 30 ობიექტი 2019 წლის 3 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით შემოწმდა.

უწყების ცნობით, შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი დარღვევები: რისკების შეუფასებლობა; სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა; დაუცველი ღობეები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა, ადამიანების ვარდნა); არასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები; ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები; ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა; აღჭურვილობის გაუმართაობა; შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის არ ყოლა; მაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა; ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერების გაუმართაობა.

შრომის ინსპექციის მონაცემებით, დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს განესაზღვრათ 7-დან – 14 დღემდე ვადა, ასევე 20 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი, ხოლო 21 ობიექტის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოიყენეს ჯარიმა, ჯამში 605 500 ლარის ოდენობით. მანამდე, 23 ივლისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში ჯამში მილიონ ლარამდე ჯარიმა გამოიწერა.

მსგავსი თემები