მაკრატელი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის იარაღი ეგონათ, სასწრაფო დახმარების აღმოჩნდა  


„მაკრატელი შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ეკუთვნოდა, რომელთაც ეს ნივთი შემთხვევის ადგილზე, შესაბამისი დახმარების გაწევის შემდგომ დარჩათ“, – აცხადებს თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე.

მისივე განცხადებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია საქმესთან დაკავშირებული 22 ნივთი (საუბარია ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე).

„აღნიშნულ საქმეზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, არასრულწლოვანი ბრალდებულების წინასწარი გამოძიების ეტაპზე, პატიმრობაში ყოფნის მაქსიმალურ ვადაში, კერძოდ, 40 დღეში ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მოპოვებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, დაიკითხა ასზე მეტი მოწმე, დაინიშნა და ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, ჩატარდა ყველა საჭირო სხვა მოქმედება. შევეცდებით კანონის დაცვით მოგაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია ჩატარებული გამოძიების შედეგად საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ”, – აცხადებს პაკანაძე.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულა: საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა ნივთი – ჯამში 22 ობიექტი. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება ბრალდებულ გ.ჯ.-ს შავტარიანი გასაშლელი დანა სისხლის ლაქებით. ხსენებულ დანაზე გამოძიების მიერ ჩატარდა ყველა საჭირო ექსპერტიზა, მათ შორის ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც დანაზე აღმოჩნდა მოკლული დ.ს.-ს და ბრალდებულ გ.ჯ.-ს ბიოლოგიური მასალა (დნმ).

​როგორც პროკურორი აცხადებს, უტყუარად დადგენილია, რომ ამ დანით ბრალდებულმა გ.ჯ-მ მოკლულ დ.ს.-ს რამდენიმეჯერ მიაყენა ჭრილობა. ასევე ამოღებულია სამედიცინო მაკრატელი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ეს მაკრატელი ეკუთვნოდა შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას. მათ ეს ნივთი შემთხვევის ადგილზე სამედიცინო დახმარების გაწევის შემდგომ დარჩათ.

მალხაზ კაპანაძის ინფორმაციით, აღნიშნული გარემოება დადასტურდა შემთხვევის ადგილზე მყოფი ექიმების ჩვენებით, რომელთა ეჭვქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

“ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩატარებული ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედებით, მათ შორის მოწმეების დაკითხვით, სხვა მაკრატლის ან მსგავსი საგნის არსებობა არ დგინდება. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია მოკლულების სისხლი, რომელთა შემთხვევის ადგილზე განლაგებამ, გამოძიებას მისცა შესაძლებლობა, დაედგინა ჩადენილი მკვლელობების კონკრეტული ადგილი“, – განაცხადა პროკურორმა.

მსგავსი თემები