290 დაღუპული და 500-ზე მეტი დაშავებული – შრი-ლანკაში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ინდოეთში, შრი-ლანკაზე ეკლესიებსა და სასტუმროებში მომხდარი რვა აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 5 ბავშვია. ქვეყნის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 500-ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მთავრობას კომენდანტის საათი აქვს გამოცხადებული.

შრი-ლანკის სამ ეკლესიაში და ოთხ სასტუმროში მომხდარ აფეთქებაზე, ამ დრომდე, პასუხისმგებლობა არც ერთ სამხედრო ორგანიზაციას ან დაჯგუფებას არ აუღია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შრი-ლანკის ხელისუფლებას თავდასხმებთან დაკავშირებით უკვე აქვს წინასწარი ინფორმაცია, რომელიც ნაკლებად ცნობილ ისლამისტურ ჯგუფს უკავშირდება.

ადგილობრივი მედიის “ასოშიეთიდ პრესის” ინფორმაციით, ტერაქტში სულ მცირე 7 თვითმკვლელი მონაწილეობდა. ამჟამად შრი-ლანკის კრიმინალურ სამსახურს ტერაქტების საქმეზე 24 ეჭვმიტანილი პირი ჰყავს დაკავებული.

როგორც ინდოეთში საქართველოს კონსულმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, შრი-ლანკაზე მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. მისი თქმით,შრი-ლანკაზე ტურისტული მიზნით საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფება, რომლებიც დედაქალაქიდან მოშორებით, უსაფრთხო ადგილზე არიან და საქართველოში დაგეგმილ ვადებში დაბრუნდებიან.

„საქართველოს საელჩო და საქართველოს საკონსულო აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს. საელჩოს კონტაქტი აქვს შრი-ლანკაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. ცნობილია, რომ შრი-ლანკაზე ოთხივე ტურისტული მიზნით იმყოფება. ისინი უსაფრთხო ადგილაზე არიან და საქართველოში დაბრუნებას დაგეგმილ ვადებში აპირებენ. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ნებისმიერ შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ საელჩოს ცხელ ხაზზე“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მსგავსი თემები