“სააკაშვილის ქმედება საკუთარი ძალაუფლების გამყარებას ემსახურებოდა, რაც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდა” – დიმიტრი ხუნდაძე

“მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის საომარ მოქმედებებში რომ იმ მიზნით ჩართულიყო, რასაც გვიყვება, თითქოს ის ქართული სახელმწიფოს ერთიანობას იცავდა, მიუხედავად განცდილი მარცხისა, მის ბრალეულობას არავინ შეეხებოდა. მაგრამ მისი ქმედება მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გამყარებას ემსახურებოდა, რაც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდა”, – ამის შესახებ მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.~

ხუნდაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობენ ამის მაგალითად კი მას 20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველზე განვითარებული მოვლენები მოჰყავს.

“ჩვენ, ამ კონფლიქტის მოგვარების გზაზე რამდენიმე წელი დავკარგეთ. სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ჩანს, დღესაც მზად არიან ნებისმიერი ფასი გადაიხადონ, ოღონდ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ამის მცდელობა მათ ჰქონდათ 20-21 ივნისის ღამესაც და ამას ეცდებიან ნებისმიერ დროს.

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება სჭირდება. ერთად წარმოუდგენელი სიძნელის დაძლევაც კი შესაძლებელია. 2012 წლის შემდეგ ე.წ.”კოჰაბიტაციის” მიზანი სწორედ ეს იყო. მახსოვს ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის მაშინდელი ნათქვამი: “ჩვენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს არ მოვექცევით ისე, როგორც ისინი ამას იმსახურებენ, ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას სჭირდება”. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ “კოჰაბიტაციამ” სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.”ნაც.მოძრაობისთვის” ეს მიდგომა “მგლის თავზე სახარების კითხვას”დაემსგავსა. საერთო მიზნებისთვის გაწვდილი ხელი, მათ ხელისუფლების სისუსტედ აღიქვეს და რევანშს შეეცადნენ. როგორც ჩანს, მათი ნდობა არსად და მითუმეტეს, საქვეყნო საქმეში არ შეიძლება”, – აღნიშნა ხუნდაძემ.

მსგავსი თემები