ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილის გარემოცვას „ლანცეტის“ ხელში ჩაგდება სურდა

„არიან ძალები, რომლებიც დაინტერესებულები არიან, კლინიკა „ლანცეტის“ მითვისებით. თავად ფარმან ჯეირანლის კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, მხოლოდ გიორგი კვირიკაშვილი და მისი გარემოცვა ახსენა“ – ეს განცხადება პატიმრობაში მყოფი, კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებლის ადვოკატმა „მედიცენტრ მთავარში“ გააკეთა.

გელა ნიკოლაიშვილი არ გამორიცხავს, 20 აგვისტოს, საპატიმროდან გამოსული ექიმი ისევ უკან შეაბრუნონ.

„ფარმან ჯეირანლი 20 აგვისტოს უნდა დატოვოს საპატიმრო, რადგან სასჯელის ვადა ეწურება. გვაქვს უტყუარი ინფორმაცია და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ ექსტრადირებას უპირებენ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მისი სიცოცხლე არის საფრთხეში, ასევე მისი ოჯახის. არ შეიძლება მოხდეს პირის ექსტრადიცია, თუ არ იქნა შესწავლილი გარემოება, ის გარემოება რომელშიც იმყოფება ეს პიროვნება, გარდა ამისა, ის საქართველოს მოქალაქეა. 2017 წლის მაისში მოხდა აფგან მუთარლის გატაცება, მას წინ უძღოდა, ფარმან ჯეირანლის დაკავება. უფრო ადრე კი მოხდა იმ სიის გამოქვეყნება, რომლებიც, თითქოს, ადამიანები აზერბაიჯანის მტრები არიან და ამ ჩამონათვალშიც იყო ფარმან ჯეირანლიც“ – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ადვოკატი ფიქრობს, რომ დაემთხვა აზერბაიჯანისა და საქართველოს ინტერესები იმ თვალსაზრისით, რომ აზერბაიჯანს თავისი პოლიტიკური მოტივები აქვს, საქართველოში კი არიან ძალები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ საავადმყოფოს მიტაცებით.

„ ეს კაცი 20 აგვისტოს უნდა გამოვიდეს, მაგრამ ახლა ახვედრებენ აზერბაიჯანული მხარის ახალ ბრალდებას, რაც მისი აზერბაიჯანში ექსტრადირების მიზეზი უნდა გახდეს. მის საავადმყოფოში ტარდებოდა თირკმლის გადანერგვის ოპერაცია. ოპერაციას აკეთებდა ირანელი პროფესორი, რადგან, ირანში აიკრძალა უცხოელებზე თირკმლის ტრანსპლანტაცია. ჩამოვიდა ეს კაცი და აქ მუშაობდა ასისტენტად და არა მთავარ ექიმად. მაგრამ, ჩამოჰყავდა კლიენტები აზერბაიჯანიდან. მას ედავებიან, რომ აზერბაიჯანში საბუთების გაყალბება ხდებოდა, თითქოს დონორი პაციენტის ნათესავი იყო. ჯეირანლის საიდან უნდა სცოდნოდა ან რატომ უნდა გადაემოწმებინა ნოტარიულად დამტკიცებული დოკუმენტი, რომ დონორი პაციენტის ნათესავი ნამდვილად იყო თუ არ იყო. სწორედ ეს არის საქმე, რაზეც აზერბაიჯანმა საქმე აღძრა და მის ექსტრადირებას ითხოვს“ – აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

მისი ინფორმაციით, ამ საქმის მთავარი პოლიტიკური მოტივაცია კი ის არის, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ჯეირანლის ოპოზიციის დამფინანსებლად მიიჩნევს.

„აზერბაიჯანული მხარის ინტერესი არის ის, რომ ფარღმან ჯეირანლი ოპოზიციის ერთ-ერთ დამფინანსებლად მიიჩნევენ. 20 აგვისტოს, ციხიდან რომ გამოვა, შესაძლოა იქვე დააკავონ და უკან შეაბრუნონ როგორც საექსტრადიციო პატიმარი. რაც შეეხება კლინიკის მიმართ ინტერესს, ის კონკრეტულ სახელებს და გვარებს არ ასახელებს. მან მხოლოდ ერთი გვარი დაასახელა, ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მან ახსენა კვირიკაშვილი და მისი გუნდი. კვირიკაშვილთან მას პირადი ურთიერთობა არასოდეს ჰქონია, მაგრამ ვისთანაც ჰქონდა ეს ურთიერთობა, როგორც ჩანს ეს ადამიანები იყვნენ კვირიკაშვილის ხალხი. ინტერესი, „ლანცეტის“ ხელში ჩაგდებისა, სავარაუდოდ, კვირიკაშვილის გუნდთან მოდიოდა“, – აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ „ლანცეტის“ დამფუძნებელი 2017 წელს თაღლითობის მუხლით დააკავეს. სააპელაციო სასამართლომ კი ბრალი სამსახურეობრივი გულგრილობით შეუცვალა. შესაბამისად, მისი სასჯელი 6-დან 2 წლამდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საპატიმროს 20 აგვისტოს ტოვებს.

მსგავსი თემები