“ლარი წამოვა ქვემოთ, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით”- ფინანსთა მინისტრი

 ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, დღეს ლარი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან გაუფასურებულია 10 პროცენტით და ეს ტრენდი აუცილებლად შეიცვლება. მისი თქმით, ეროვნული ვალუტა არაბუნებრივად, ზედმეტად არის გაუფასურებული და ეს მოვლენა ქვეყანაში ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

„ვიზიარებ პრემიერის შეფასებას, რომ ლარი დღეს ზედმეტადაა გაუფასურებული და ამას აქ წარმოდგენილი გრაფიკიც ადასტურებს, სადაც ჩანს გაცვლითი კურსი ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან. დინამიკა აჩვენებს რამდენადაა გამყარებული ან გაუფასურებული ლარი, ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს 10%-იანი გაუფასურება სავაჭრო პარტნიორებთან და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტრენდი შეიცვლება და ლარი წამოვა ქვემოთ, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი ნეიტრალური, საშუალო დონის ექსპერტი, რომელიც არ არის ანგაჟირებული პოლიტიკურად, ვერ მოიტანს ვერც ერთ მაგალითს ან ფისკალურ ან მონეტარულ პოლიტიკაში, რამაც ხელი შეუწყო ვალუტის გაუფასურებას.

„ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც გადაითარგმნა სერიოზულ პრობლემებში ტურიზმის სფეროში და ასევე მომიჯნავე სექტორებში. შესაბამისად, ამას დაერთო მოლოდინები, რომელიც კიდევ უფრო მუქი და კიდევ უფრო მძიმე იყო, ვიდრე საკუთრივ ეს მოვლენები. ჯამურად მივიღეთ ეს შედეგი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მე მაქვს სრული რწმენა, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების პროცესი დაიწყება. ასევე, ჩვენი სამთავრობო გუნდის წევრები, ის ექსპერტები, რომლებიც დაცლილები არიან ზედმეტი პოლიტიკური ტვირთისგან, დარწმუნებულები არიან, რომ ლარი გამყარდება“, – განაცხადა ივანემ მაჭავარიანმა.

მსგავსი თემები