მაია ცქიტიშვილი ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად პუტინის მიმართ გინებას ასახელებს

ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად პირდაპირი ეთერიდან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ გინებას ასახელებს.

ცქიტიშვილის თქმით, ლარს პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება.

“თუ გავაანალიზებთ 20 ივნისიდან დაწყებულ პროცესებს, დავინახავთ, რომ ლარის კურსმა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო გაუარესება. ამ პოლიტიკური პროცესების, იმ გადატრიალების მცდელობების, პოლიტიკური დესტაბილიზაციის, პარლამენტში შევარდნის, შემდგომში პირდაპირი ეთერიდან მეზობელი ქვეყნის პირველი პირების გინებისა და ამის შედეგად ტურიზმზე დაწესებული სანქციებით”, – ამბობს ცქიტიშვილი.

ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა ბიზნესისთვის ყველაფერს აკეთებს, თუმცა “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები ხელს უშლიან ამ პროცესს.

“ყველაფერი ეს ფუჭია მაშინ, როდესაც გარკვეული რადიკალური მოძრაობა, ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები აკეთებენ ყველაფერს, რომ ამ პროცესს შეუშალონ ხელი”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მსგავსი თემები