კახა კალაძემ, კახეთის გზატკეცილზე, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, პასუხისმგებლობა კონტრაქტორ კომპანიებს დააკისრა

  •  

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლების უხარისხოდ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კონტრაქტორი კომპანიები გააკრიტიკა და მათ პასუხისმგებლობა დააკისრა.

თბილისის მერის განცხადებით, სამუშაოები, რომელშიც თბილისის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხარვეზებითაა შესრულებული. მისი თქმით, კომპანიების, “ჯეო გრუპისა” და “ბლექ სი გრუპის” ხელმძღვანელობას ხარვეზების საკუთარი ხარჯებით გამოსწორება მოუწევს.

“ეს არის სრული უპასუხისმგებლობა, რაც დღეს ხდება ამ მონაკვეთებზე, მარჯვენა, მარცხენა სათადარიგოებზე. ჭის თავების ირგვლივ სრული კატასტროფაა. თუ იმ კომპანიებს ჰგონიათ, რომ მერია ამ სამუშაოებზე თავიდან გაიღებს ფულს, ძალიან ცდებიან. დღესვე დაიბარეთ ეს კომპანიები. იმ კომპანიებს მოუწევთ ხარჯის გაღება და ამის მოწესრიგება. დედაქალაქის მერია ერთ თეთრს არ დახარჯავს ამის რეაბილიტაციაზე და მოწესრიგებაზე,” – განაცხადა კალაძემ. 

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე საკომუნიკაციო ჭებთან ასფალტის მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალავ წარადგინა.

მსგავსი თემები