“ზაქარია ქუცნაშვილს ჯოხი გადაატეხეს, შეიძლება ის ერთ-ერთი შემსრულებელი აღმოჩნდა” – გიორგი ლომია

“ზაქარია ქუცნაშვილს ჯოხი გადაატეხეს. თუმცა მას თავიდანვე შეეძლო ბოლომდე არ შეესრულებინა პროტოკოლი და პარლამენტის ნაცვლად, სადმე ბიზნეს ცენტრში ჩაეტარებინა ასამბლეა”, – ეს განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, გიორგი ლომიამ, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ლომიამ თბილისში გამართულ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეიძლება, იმ დროს პარლამენტის თავმჯდომარე, ზაქარია ქუცნაშვილი ვიღაცის დავალებას ასრულებდა.

“ალბათ, გავა დრო და ზაქარიასაც გავესაუბრებით. ახლა, ბუნებრივია, ის გუნდის წინააღმდეგ არ წავა. შეიძლება, ქუცნაშვილსაც დირექტივები მისცა ვიღაცამ და ის ერთ-ერთი შემსრულებელი აღმოჩნდა”, – განაცხადა ლომიამ “მედიაცენტრ მთავარში”.

კითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილი იყო საქართველოში ამ ასამბლეის ჩატარება, ლომია პასუხობს, რომ, როდესაც ქვეყანა უფრო მომზადებული იქნებოდა ასეთი ღონისძიებისთვის, მაშინ ჩაატარებდა.

ცნობისთვის, თბილისში 19 ივნისს გაიხსნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ღონისძიების მეორე  დღე გახსნა ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო მოკალათებული. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

მსგავსი თემები