“პრობლემა ძალიან რთულია, ეს უნდა მოვაგვაროთ რაც შეიძლება მალე”- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით გარეჯზე

სადელიმიტაციო საკითხებზე მომუშავე კომისია, ექსპერტებთან ერთად, დავით გარეჯში 19 აგვისტოს ჩავა და აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებებს გამართავს.  

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა, დავით გარეჯში, ამ დროისთვის გაზრდილია როგორც აზერბაიჯანელი, ისე ქართველი მესაზღვრეების რიცხვი. დარსალია ადასტურებს, რომ შეზღუდულია გადაადგილება აღდგომის ტაძრის მიმართულებით. 

„მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შენარჩუნდეს სიმშვიდე და მაქსიმალურად იყოს კეთილგანწყობილი ატმოსფერო. მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს ყველა უწყების შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში . პრობლემა 25 წელია არსებობს და კომისიები ორივე მხრიდან დაკომპლექტებულია სხვადასხვა უწყების მიერ.  მუშაობა კომისიების დონეზე მიმდინარეობს. პრობლემა ძალიან რთულია, პრობლემა უნდა მოვაგვაროთ რაც შეიძლება მალე. ბოლო ინციდენტის შემდეგ გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული ორივე მხრიდან გადაადგილებაზე და მიმდინარეობს მუშაობა, რათა დაბრუნდეს ძველი რეჟიმი,“- განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მსგავსი თემები