საერთაშორისო ფესტივალ “ოქროს თვალზე” ოპერატორული ნამუშევრების წარდგენა იწყება

​კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს თვალი”, რომლის მიზანია მოტივაცია მისცეს ოპერატორებს, ტელე-კინო ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ზრდას, მონაწილეთა რეგისტრაციას იწყებს.
ოპერატორებს, ვისაც სურთ, მათი ნამუშევრები საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასოს, უნდა დარეგისტრირდნენ მოცემულ ბმულზე  http://www.goldeneye.ge/ge/festival/registration

​როგორც “მთავარს” ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს, ნამუშევრები წარდგენილნი იქნებიან შემდეგ ნომინაციებზე: საუკეთესო კინოოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი, სარისკო კადრი, საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი. გრან-პრი „ოქროს თვალი“ ენიჭება საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის ავტორს.​
​საკონკურსო ნამუშევრებს აფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის წევრები, ქართველ გამოცდილ კინო და ტელეოპერატორებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის – დიდ ბრიტანეთის, იტალიის, აშშ-ს, სომხეთის, აზერბაიჯანის წარმომადგენლები არიან.

მათივე ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საკონკურსო ნამუშევარი ან ფოსტით უნდა გაგზავნოს, ან ფაილ ჰოსტინგზე ატვირთოს. საკონკურსო ნამუშევარს თან უნდა ერთვოდეს აფიშა.  საკონკურსოდ წარდგენილი ფილმებიდან ფრაგმენტები განთავსდება ფესტივალის საიტზე, ფეისბუქის გვერდზე, იუთუბის არხზე; საკონკურსო ნამუშევარი დარჩება ფესტივალ „ოქროს თვალის“ არქივში და ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საკონკურსო ნამუშევრის არაკომერციული ჩვენება

ფესტივალი “ოქროს თვალი” ააიპ „ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდის“ (IFIT) პროექტია, რომელიც 2009 წელს დაფუძნდა. პირველად ფესტივალი 2009 წელის 20-23 ოქტომბერს, თბილისში ჩატარდა. ფესტივალმა დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით და ყოველწლიური სახე მიიღო. იმავე წელს, ფესტივალ “ოქროს თვალის“ფარგლებში გაიმართა ერთ-ერთი ქართველი კინო ოპერატორის, ალექსანდრე დიღმელოვის 125 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა და საიუბილეო ღონისძიება. 

2010 წელს “ოქროს თვალში” მონაწილეობა მიიღეს კინო და ტელეოპერატორებმა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიადან, ესტონეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, ესპანეთიდან, ხორვატიიდან, ბრაზილიიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან და ავსტრიიდან.

2011 წლის 22 ოქტომბერს ფესტივალი ქალაქ ბათუმში ჩატარდა და სტუმრის სტატუსით ესტუმრნენ: ჰირო ნარიტა; ფილ ფარმეტი – კვენტინ ტარანტინოს „ოთხი ოთახის“, „გრაინდჰაუსის“ ოპერატორი და საერთაშორისო კინემატოგრაფიული გილდიის „ლოკალ 600“-ის წევრი; ჯონათან აბრამსი – „ავატარის“ ერთ-ერთი ოპერატორი და ოპერატორების ასოციაციის სოკის წევრი.

2014 წლის 16-18 ოქტომბერს, კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სამაუწყებლო ტექნიკის პირველი საერთაშორისო გამოფენა, რომელიც საზეიმოდ გახსნა ევროპის რეგიონების ასამბლეის პრეზიდენტმა ჰანდე ოზსან ბოზატლიმ, რომელიც სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა საქართველოში. 

მსგავსი თემები