გია ჟორჟოლიანი, “რუსთავი 2”-ის სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, „სოციალ-დემოკრატი“ გია ჟორჟოლიანი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის.

როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სააქციო საზოგადოება ხელს შეუწყობს, მედიის დამოუკიდებლობას. მისი თქმით, ტელეკომპანია “რუსთავი 2” ხალხის ფულითაა შექმნილი.

“მინდა წინადადებით მივმართო საზოგადოებას, ყველა სუბიექტს, რომელიც დაკავშირებულია “რუსთავი 2”-თან და პირველ რიგში ქიბარ ხალვაშს. ჩემის აზრით, ყველაზე სამართლიანი იქნება, რომ “რუსთავი 2″ გახდეს სააქციო საზოგადოება. ოღონდ გარკვეული შეზღუდვა უნდა დაწესდეს. ძალიან ბევრი ჩემთვის პატივსაცემი, პროფესიონალი ჟურნალისტი მუშაობს იქ და ეს ადამიანებიც უნდა ჩაერთონ ამ პროცესში და რეალურად დამოუკიდებელი, საზოგადოებაზე ორიენტირებული მედია ჩამოაყალიბონ საქართველოში. ვერ გავიგეთ ვისია. ერთი ერთს ამბობს, მეორე მეორეს და მესამე მესამეს და გამოვიდა ისე, რომ ტელევიზია ხალხის ფულით არის გაკეთებული,” – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში”. 

გია ჟორჟოლიანი, წინადადებით მიმართავს ტელეკომპანიის მფლობელს, ქიბარ ხალვაშს და აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე, ტელეკომპანიის საეთერო დრო, იმ პოლიტიკოსებს დაეთმოს, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. მისი თქმით, დანარჩენი საეთერო დრო, გასართობ და შემეცნებით პროგრამებს უნდა დაეთმოს. 

“არჩევნების წინა პერიოდია. ვიდრე ასეთი სააქციო საზოგადოება შეიქმნება, წესები ჩამოყალიბდება, ჟურნალისტები ჩამოყალიბდებიან. მაქვს წინადადება, რომ “რუსთავი 2″- ის მაუწყებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგალითად დღეში 4 საათი, დაეთმოს არა ერთ პოლიტიკურ პარტიას, არამედ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არჩევნებში მონაწილეობისთვის გაივლის რეგისტრაციას და რასაც უნდა იმას ილაპარაკებენ. დანარჩენი დრო დაუთმონ კინოს, თეატრს, ისტორიას,” – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში”. 

მსგავსი თემები